საიას რუსთავის ოფისი იცავდა ა(ა)იპ ქვემო ქართლის მედიის ინტერესებს, რომელიც რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერიიდან ითხოვდა საჯარო ინფორმაციას. კერძოდ, გამოთხოვილი იყო მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2022 წელს მომზადებული აუდიტორული შემოწმების ყველა დასკვნა/ანგარიში და გაცემული რეკომენდაციები.
მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა წარდგენილი, არც ერთ შემთხვევაში არ იქნა გაცემული საჯარო ინფორმაცია და განმცხადებელს არც ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი ეცნობა.
საიას დახმარებით, პირველ ეტაპზე მომზადდა ადმინისტრაციული საჩივრები რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ. სამივე მუნიციპალიტეტის პასუხის თანახმად, შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშები კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ ინფორმაციის ჩამონათვალში არ არის, რომლის გასაიდუმლოებაც დაუშვებელია. ასევე, დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე შიდა აუდიტორი უფლებამოსილი არ არის საჯარო გახადოს შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები. სწორედ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით არ გაიცა ინფორმაცია.
რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებები ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრდა შესაბამის საქალაქო (რაიონულ) სასამართლოებში. სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და შესაბამისი ინფორმაციის გაცემის დავალდებულება. სამივე მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელები სასამართლოებმა სრულად დააკმაყოფილეს. შედეგად სასამართლომ განმარტა, რომ შიდა აუდიტის მიერ მომზადებული დოკუმენტები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომლის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოებს არ აქვთ.
ამ დროისთვის გადაწყვეტილებები არ არის კანონიერ ძალაში შესული, რადგან მოპასუხე მხარეებს აქვთ მათი გასაჩივრების უფლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ამ საქმეებს საია აწარმოებდა USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით.