2014 წლის 15 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად გამოაცხადა შპს „ენერჯი გრუპისთვის“ 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მინიჭებული და 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაცემული ლიცენზია. ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზეზი გახდა ის, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ 20% წილის მფლობელს და დირექტორს, კახა ბაინდურაშვილს, იმავდროულად უკავია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობა, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეუთავსებელია მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად იგივე პოზიცია აქვს საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასა და კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის".
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის 26 აგვისტოს საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოავლინა შპს „ენერჯი გრუპი“. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთიც“, რომელმაც 2013 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „ენერჯი გრუპისთვის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამ დავაში შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ ინტერესებს იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და საია მოითხოვენ შპს „TV3“-სთვის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებას (შპს „TV3“-ის 9% წილის მფლობელი და დირექტორი ასევე ბატონი კახა ბაინდურაშვილია).
გვსურს განვმარტოთ, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სასარჩელო მოთხოვნა ეხება მხოლოდ შპს „ენერჯი გრუპისთვის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების კანონიერების საკითხს. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, შპს „TV3“-ის სამაუწყებლო ლიცენზიის კანონიერებასთან დაკავშირებით საქმის განხილვა არც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და არც სასამართლოში არ მიმდინარეობს.
,,მაუწყებლობის შესახებ" კანონის თანახმად, თუ კომისია დაიწყებს „TV3“-ის ტელემაუწყებლობის ლიცენზიის კანონიერების საკითხის შესწავლას და დადგინდება, რომ შპს „TV3“ არღვევს კანონის მოთხოვნებს, კომისია ვალდებული იქნება ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. ამავე დროს, დარღვევის აღმოფხვრამდე, კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს ლიცენზიის შეჩერების შესახებ. თუ მაუწყებელმა გაფრთხილებით დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას, კანონი ზუსტად განსაზღვრავს მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლებს და ადგენს, რომ დარღვევის არსებობისას ლიცენზიის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელს მიეცა გაფრთხილება, განესაზღვრა ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად და მან არ აღმოფხვრა დარღვევა.