1. 83 წლის პენსიონერი კუთვნილი შეღავათებით ისარგებლებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას განცხადებით მიმართა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 83 წლის მოქალაქე გ.ყ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთში და სამხედრო ბილეთში მითითებულ მონაცემებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის შედეგადაც ამ დოკუმენტებში მითითებული მისი სახელი არ ემთხვევა მის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში დაფიქსირებულ სახელს. აღნიშნული ფაქტის გამო გ.ყ.-ი ვერ ღებულობდა კანონმდებლობით დაწესებულ სოციალურ დახმარებას და ვერ სარგებლობდა შეღავათებით. საიას ადვოკატების მიერ გაწეული საადვოკატო დახმარების შედეგად, სასამართლოს მიერ დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. კერძოდ, გ.ყ.-ს პირადობის მოწმობისადმი ზემოაღნიშნული დოკუმენტების კუთვნილება, რის საფუძველზეც მას დაენიშნება შესაბამისი სოციალური ხასიათის შეღავათები.
2. ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
საიას იურიდიული დახმარების ცენტრი მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურებას უწევდა მოქალაქე ო.მ.-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ხულიგნობა, იარაღის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე). საქმის მასალების მიხედვით ო.მ. მონაწილეობას იღებდა 2007 წლის 7 ნოემბერს საღამოს, თბილისში ტელეკომპანია “იმედთან” გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში, სადაც ბრალდების მიხედვით მან ჩაიდინა ხულიგნობა. საიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობები, თუმცა ო.მ.-ს მოთხოვნით დაცვის მიერ დაყენებულ იქნა ბრალდების წინაშე განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის მიერ მიმდინარე წლის 11 იანვარს დამტკიცებულ იქნა ბრალდების მხარესთან დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ო. მ-ს განესაზღვრა პირობით გამოსაცდელი ვადა 2 წლის ვადით და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.
3. ბრალდებულებს პატიმრობის ვადა შეუმცირდათ
2007 წლის 28 სექტემბერს საიას იურიდიული დახმარების ცენტრს იურიდიული კონსულტაციისა და საადვოკატო დახმარების მიზნით მიმართა მოქალაქე მ.მ.-მ და განაცხადა რომ მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი უკანონოდ იყვნენ მსჯავრდებულნი. კერძოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილნი საქ-ს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით (ძარცვა), სასჯელის ზომად განესაზღვრათ მ.მ.-ს მეუღლეს 7 წლით, ხოლო არასრულწლოვან შვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი მსჯავრდებულების მხრიდან გასაჩივრებულ იქნა ჯერ სააპელაციო, შემდეგ საკასაციო წესით. საქმე დამატებითი განხილვისთვის დაბრუნებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნულ საქმეზე სათანადო მასალების გამოთხოვისა და გაცნობის შემდეგ დაყენებულ იქნა მთელი რიგი შუამდგომლობები. კერძოდ, ადვოკატებმა მოითხოვეს ექსპერტის, ფაქტის თვითმხილველი პატროლ-ინსპექტორებისა (რომელთა ვინაობა ჩვენს მიერ იქნა მოძიებული და დადგენილი) და დაზარალებულის დაკითხვა, რაც დაკმაყოფილდა. ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოთხოვილ იქნა სათანადო ინფორმაციები საპატრულო პოლიციიდან, შსს მომსახურების სააგენტოდან და თბილისის მეოთხე კლინიკური საავადმყოფოდან. სასამართლო გამოძიების დასრულების შემდეგ პროკურატურის მიერ შემოთავაზებულ იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც დამტკიცდა 2007 წლის 29 დეკემბერს, არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლი და დაენიშნა კანონმდებლობით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები 2 წელი, 3 თვე და 18 დღე (ფაქტობრივად მოხდილი ვადა) და გათავისუფლდა დარბაზიდან, ხოლო მ.მ.-ს მეუღლეს 7 წლით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 4 წლამდე.
4. ცოლის მოთხოვნით სასამართლომ განქორწინების აქტი დაამტკიცა
ნოემბრის თვეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარებისათვის მიმართა მოქალაქე თ.ი.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ქორწინებაში იმყოფება დ.ჯ.ს-თან. მათ ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი. თ.ი.-სა და დ.ჯ.-ს შორის, ბოლო დროს, იყო ძალიან დაძაბული მდგომარეობა. აღნიშნულის გამო, თ.ი. ფაქტობრივად დაშორდა მეუღლეს და შვილებთან ერთად, ცალკე დაიწყო ცხოვრება. დ.ჯ.-ს მხრიდან, მომმართველის მიმართ, ხშირად ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს. თ.ი. ორი თვის განმავლობაში, შვილებთან ერთად, იმყოფებოდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის თავშესაფარში. ამასთან, დ.ჯ.-ს მიერ, ამ ხნის მანძილზე, ხშირად ჰქონდა ადგილი შვილების შეთანხმების გარეშე წაყვანის ფაქტებს. თ.ი.-ს ჩვენს მიერ გაეწია სამართლებრივი დახმარება - შედგენილ იქნა სასარჩელო განცხადება, განქორწინების თაობაზე და წარედგინა სასამართლოს. მოპასუხე მხარე წინააღმდეგი იყო განქორწინებაზე. მან თავის მხრივ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების ნახვის დღეების განსაზღვრა. გაწეული საადვოკატო მომსახურების შედეგად, დავა დასრულდა მორიგებით. სასამართლომ დაამტკიცა მორიგების აქტი განქორწინებისა და ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ.
5. კასრის ქურდს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
2007 წლის 27 ნოემბერს საიას თელავის ოფისს მიმართა თელავის რაიონის სოფელ ფშაველის მკვიდრმა ნ.მ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლის ი.ფ.-ს მიმართ წარმოებს წინასწარი გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II-ე ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად. ი.ფ. იმყოფებოდა სტუმრად მეგობრებთან, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი. ამის შემდეგ ის შევიდა მეზობლის საცხოვრებელ სადგომში და მოიპარა 40 (ორმოცი) ლარის ღირებულების კასრი, რომელიც მეორე დღესვე დაუბრუნა მფლობელს. მიუხედავად ამისა მეზობელმა ფ.პ.-მ, განცხადებით მიმართა თელავის შსს რაიონულ სამმართველოს. ი.ფ. დაკავებულ იქნა და აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. საიას ადვოკატი გაეცნო საქმის მასალებს და შეხვდა ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დაზუსტდა, რომ მის მიერ მიყენებული ზიანი გახლდათ 60 ლარის ოდენობის და ქმედება განახორციელა საცავში უკანონო შეღწევით. ადვოკატის მიერ გამოძიების წინაშე წარდგენილ იქნა შუამდგომლობა, რომ შეცვლილიყო დანაშაულის კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის I-ლი ნაწილით, ვინაიდან ადგილი, საიდანაც მოხდა კასრის ქურდობა, არც სადგომის და არც საცავის ცნებებში არ ჯდებოდა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ადვოკატის მიერვე გამომძიებლისადმი წარდგენილ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ფშაველის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა, რომლიდანაც დასტურდება, რომ ი.ფ.-ს ოჯახი იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში. აღნიშნული ცნობის წარდგენა მოხდა იმ მიზეზით, რომ მისი ოჯახი არ იყო დარეგისტრირებული სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. ი.ფ.-მ დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული და გამოთქვა სურვილი, რომ მასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა მიმართა პროკურორს შუამდგომლობით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. მან იშუამდგომლა საპროცესო გარიგების დადება ჯარიმის გადახდის ვალდებულების გარეშე, რათა ი.ფ.-ს განსაზღვროდა პირობითი სასჯელი 4 წლის ვადით. 2008 წლის 29 იანვარს სასამართლო სხდომაზე დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ზემოხსენებული პირობებით და მსჯავრდებული განთავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან.
6. მოქალაქემ გაურკვეველი გადასახადები თავიდან აიცილა
2007 წლის ოქტომბრის თვეში საიას თელავის ოფისს დახმარებისათვის მიმართა სოფელ იყალთოში მცხოვრებმა გ.ღ.-მ და განაცხადა, რომ 2007 წლის 29 ოქტომბერს მას კანონით დადგენილი წესით ყველა დოკუმენტი ჰქონდა საბაჟოO ორგანოში წარდგენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელოვნური ბარიერები შეუქმნეს. კერძოდ, ავტომანქანის განბაჟებისას გარკვეული პრობლემები შეუქმნა აღმოსავლეთის საბაჟოს მორიგე ოპერატორმა და არ მისცა საშუალება ავტომანქანა განებაჟებინა. როგორც გ.ღ. განმარტავდა, ავტომანქანის კანონით დადგენილი წესით განბაჟების ნაცვლად, მორიგე ოპერატორმა მოიყვანა სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი მიზეზი, თითქოს და, როგორც ინდმეწარმეს, რაიმე სხვა ტიპის ანგარიში უნდა ჰქონოდა გახსნილი ბანკში. არ მიიღეს მის მიერ წარდგენილი საბუთები და კანონის ყველა მოთხოვნის დარღვევით ისინი უკანვე დაუბრუნეს. მომმართველის განმარტებით, ამის დადასტურება მას მოწმეების საშუალებითაც შეეძლო. უსაფუძვლოდ დააჯარიმეს არარსებული საბაჟო სამართალდარღვევისთვის და აიძულებდნენ აღნიშნული ჯარიმა 800 ლარის ოდენობით გადაეხადა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არარსებული სამართალდარღვევისთვის ოქმი არა სამართალდარღვევის გამოვლენის დღეს - 20 ოქტომბერს, არამედ 2 ნოემბერს, მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ შეუდგინეს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებმა. 2007 წლის 29 ნოემბერს გ.ღ.-ს ჩაბარდა რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ 2007 წლის 19 ნოემბრის #3732 შეტყობინება და 2007 წლის 20 ნოემბრის #4-3562 შეტყობინების წერილობითი დასაბუთება. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, თითქოს გ.ღ.-ს მიერ ა/მანქანა წარდგენილ იქნა საბაჟო ორგანოში ნაცვლად 2007 წლის 29 ოქტომბრისა, მხოლოდ 2007 წლის 2 ნოემბერს. დოკუმენტების საფუძველზე საის თელავის ოფისის ადვოკატის მიერ შედგენილ იქნა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სახელზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად მოთხოვნილ იქნა ორივე ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელის. ასევე მოთხოვნილ იქნა, რომ რეგიონალურ ორგანო „აღმოსავლეთს“ განეხორციელებინა გ.ღ.-ს ა/მანქანის განბაჟების პროცედურების დასრულება და მიეცა მისთვის საშუალება მოეხდინა მისი დეკლარირება. 2008 წლის 25 იანვარს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა გ.ღ.-ს საჩივარი, ცნობილ იქნა ბათილად რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ 2007 წლის 19 ნოემბრის #3732 შეტყობინება და 2007 წლის 20 ნოემბრის #4-3562 წერილობითი დასაბუთება.
7. მრავალშვილიანმა დედამ ბავშვების დაბადების მოწმობები აიღო
2007 წლის აგვისტოს თვეში საიას თელავის ოფისს დახმარებისათვის მიმართა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა დედამ ლ.გ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ ეკონომიური გაჭირვების გამო მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ჟ.გ. და ა.გ. დაბადებული არიან სახლში, შესაბამისად მას არ გააჩნია სამშობიარო სახლის მიერ გაცემული ცნობები ბავშვების დაბადების შესახებ. ლ.გ.-მ ბავშვების დაბადების მოწმობის გაცემის თხოვნით მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყვარლის სამსახურის განყოფილებას, რომელმაც უარი განაცხადა დაბადების მოწმობების გაცემაზე სათანადო დოკუმენტების არარსებობის გამო. მომმართველის განცხადებით, ოჯახის უკიდურესი გაჭირვების გამო იგი იძულებულია ბავშვები თელავის სააღმზრდელო დაწესებულებას ჩააბაროს, თუმცა დაბადების მოწმობების არ ქონის გამო ინტერნატი უარს ამბობს ბავშვების მიღებაზე. საიას თელავის ოფისის ადვოკატის მიერ შესწავლილი იქნა სიტუაცია და აღმოჩნდა, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვები ვერ მოთავსდებიან სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე შეუძლებელია მათი ჩართვა ოჯახის თანადგომისა და შვილობილობის პროექტში, რომელსაც ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ითვალისწინებს გაჭირვებული ოჯახებისთვის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას. გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ ლ.გ.-ს უჭირს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები. აღნიშნულ საკითხზე თელავის ოფისს დახმარებისთვის ასევე მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თელავის სოციალურმა სამსახურმა, რომელიც თელავში ახორციელებს ოჯახის თანადგომისა და შვილობილობის პროექტს. საიას ადვოკატის მიერ გამოთხოვილი იქნა სასამართლოსათვის საჭირო დოკუმენტები და შედგენილი იქნა განცხადება ყვარლის რაიონული სასამართლოს სახელზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ ბავშვების დაბადების ფაქტთან დაკავშირებით. 2007 წლის 13 იანვრის ყვარლის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და დადგენილი იქნა იურიდიული ფაქტი ბავშვების დაბადების ფაქტთან დაკავშირებით. იანვრის თვეში ადვოკატმა მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყვარლის სამსახურს დაბადების მოწმობის გაცემის მოთხოვნით და შესაბამისად ორ ბავშვზე აიღო დაბადების მოწმობა.
8. მამას შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა დაეკისრა