14 თებერვალს დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის რაიონულ პროკურატურას ბრალდდებულ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვა. აღნიშნული უარი კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონულ პროკურორთან, სადაც ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა.
ამის შემდეგ საიას ადვოკატებმა გამოკითხეს დამატებითი მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ ახალაიას უდანაშაულობას. გამოკითხვის ოქმები კანონით დადგენილ ვადაში გადაეცა ბრალდების მხარეს, დედნები კი წარდგენილ იქნა სასამართლოში.
7 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა წინასასამართლო სხდომა. პროცესზე დაცვამ სადაო გახადა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, მისი დაკავების, პირადი ჩხრეკისა და წნევის საზომი აპარატის ამოცნობის ოქმები. ასევე საქმეზე მტკიცებულებად დამტკიცდა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი გამოკითხვის ოქმები.
მოწმეთა დაკითხვის შემდეგ ბრალდებულმა ახალაიამ სასამართლოს მისცა ჩვენება. მან წარდგენილ ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მარტის განაჩენით ნუგზარ ახალაია მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ, გაუქმდა მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და იგი გათავისუფლებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.