სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ადვოკატების დახმარების შედეგად "საქართველოს რკინიგზას" მოქალაქეს სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა

2010-04-25 15:28
Featured image
საია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე თ.გ-ს შპს ,,საქართველოს რკინიგზის" წინააღმდეგ არსებულ სასამართლო დავაში. თ.გ. მუშაობდა ,,საქართველოს რკინიგზაში". 2006 წლის 25 ნოემბერს მიყენებული საწარმოო ტრავმის შედეგად იგი დაინვალიდდა და დაკარგა შრომის უნარი. ამას გარდა, თ.გ-ს ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა. შპს ,,საქართველოს რკინიგზა" უარს ამბობდა მისთვის რაიმე სახის თანხის გადახდაზე, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ უბედური შემთხვევა თ.გ-ს ბრალეულობით იყო გამოწვეული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, თ.გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ,,საქართველოს რიკინიგზას" დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 2233 ლარის, ხოლო ყოველთვიური სარჩოს სახით _ 79,75 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა შპს ,,საქართველოს რკინიგზის" მიერ, თუმცა, ზემდგომი სასამართლოების განჩინებების საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.



ადვოკატი კახა კოჟორიძე