საიას ადვოკატების 2009 წლის დეკემბრის წარმატებული საქმეები
2010-01-26 12:35
ვ.ა. ი. და ზ.ჩ-ს წინააღმდეგ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საადვოკატო დახმარება გაუწია მოქალაქე ვ.ა-ს, რომელიც ედავებოდა ი.ჩ-ს. 2006 წლის 21 ოქტომბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო მოქალაქე ი.ჩ-ს ბრალით. ვ.ა. მოითხოვდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
საიას ადვოკატსა და მოპასუხე მხარეს შორის მოხდა მორიგება. შედგა მორიგების აქტი, რომელიც დამტკიცდა სასამართლოს განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში. მორიგების პირობების თანახმად, მოპასუხეს დაევალა, ვ.ა-ს სასარგებლოდ გადაეხადა 10 000 (ათი ათასი) ლარი.
ზ. ღ. შპს ”მეტრომშენის” წინააღმდეგ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საადვოკატო დახმარება გაუწია მოქალაქე ზ.ღ-ს, რომელიც ედავებოდა შპს ”მეტრომშენს”. მას 2007 წლის ივნისის თვიდან შპს ”მეტრომშენმა” შეუწყვიტა ჯანმრთელობის დაზიანებისათვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს _ 127 ლარის გადახდა. ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ზემოაღნიშნული სარჩოს აღდგენა და ზ.ღ-ს მიმართ, 2007 წლიდან სარჩოს აღდგენამდე, არსებული დავალიანების ანაზღაურება.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე საიას ადვოკატსა და მოპასუხე მხარეს შორის მოხდა მორიგება, რომელიც დამტკიცდა სასამართლოს განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში. მორიგების პირობების თანახმად, მოპასუხეს დაევალა, აღედგინა ზ.ღ-სთვის ყოველთვიური პენსიის გაცემა 127 (ასოცდაშვიდი) ლარის ოდენობით და ძველი დავალიანების სახით 3810 (სამიათას რვაას ათი) ლარის სრულად გადახდა 2010 წლის ბოლომდე.
ს. რ. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წინააღმდეგ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საადვოკატო დახმარება გაუწია მოქალაქე ს.რ-ს, რომელსაც შეუწყდა მარჩენლის შრომის პენსია სრულწლოვნების მიღწევის გამო. თუმცა, ს.რ. იყო სტუდენტი, რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლის თანახმად, პენსიის 23 წლის ასაკამდე გაგრძელების საფუძველია. ამის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ ს.რ-ს პენსიის აღდგენაზე უარი განუცხადა. I და II სასამართლო ინსტანციებში საქმის განხილვის შედეგად ჩვენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაევალა, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს.რ-სათვის შეწყვეტილი მარჩენალდაკარგულის პენსიის აღდგენის თაობაზე და, ასევე, აანაზღაუროს მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, კერძოდ, მარჩენალდაკარგულის პენსიის ანაზღაურება შეწყვეტის მომენტიდან პენსიის აღდგენამდე პერიოდისათვის.
თ.მ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ
საიამ საადვოკატო მომსახურება გაუწია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ თ.მ-ს. ამ უკანასკნელმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართა განცხადებით დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. `იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სამინისტრო ვალდებული იყო, 1 თვის ვადაში მიეღო გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. თუმცა, სამინისტრომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა წარდგენილი განცხადება.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან თ.მ-სათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოთხოვნით _ დაევალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 1 თვის ვადაში, თ.მ-სათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თ.მ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.