საიამ წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა
2010-06-26 09:50
26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ 2010 წლის 26 ივნისს წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მოაწყო მანიფესტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ.
შეკრების ორგანიზატორებმა განათავსეს ბანერი წარწერით: ,,არ აწამო!” ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ქონდა საკუთარი ხელმოწერით დაედასტურებინა სოლიდარობა წამების მსხვერპლთა მიმართ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მიისწრაფვის წვლილი შეიტანოს წამების პრევენციის და მისი აღკვეთის საქმეში. ამ მიზნით, ასოციაცია ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ყურადღების მობილიზებას წამების პრობლემებთან დაკავშირებით.
მოგვიანებით საიამ წარმოადგინა საქართველოში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობასთან დაკავშირებული ანგარიშის პრეზენტაცია, სადაც ასახულია ბოლო პერიოდში მომხდარი წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ასევე ამ კუთხით არსებული სისტემური ხასიათის გამოწვევები და მიღწევები.