საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რეგიონებში (რუსთავი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი) შეხვედრები გამართა.
საიამ პროკურატურას, სასამართლოს, ადვოკატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს სისხლის სამართლის პროცესებზე დაკვირვების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მიგნებები, ხარვეზები და დადებითი ტენდენციები, ასევე პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.
სისხლის სამართლის პროცესებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, აღკვეთის ღონისძიებების, დაკავების კანონიერების და საპროცესო შეთანხმებებზე სასამართლო კონტროლის გაძლიერების საჭიროება, სასამართლო სხდომების გადადებისა და მათი გაჭიანურების პრობლემატიკა. შეხვედრებზე ისაუბრეს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახური დანაშაულების სასამართლო განხილვის შედეგების გაცნობასა და შეფასებას. ხაზი გაესვა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შესაბამისი უწყებების, საზოგადოების, მხარეებისა და სასამართლოს კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას.
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრებზე ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლზე სისტემაში, კორპორატივიზმზე საბჭოში და მის ხელშემწყობ საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ ასპექტებზე. იუსტიციის საბჭოს მიერ სისტემის მართვის ბერკეტებზე, რომ გავლენიანი ჯგუფი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს. დისკუსიისას აღინიშნა, რომ არ არის უზრუნველყოფილი სასამართლოების ფართო წარმომადგენლობითობა საბჭოში, სისტემის გავლენიანი წევრები „ზედიზედ“ ინიშნებიან საბჭოს წევრებად და სასამართლოების თავმჯდომარეებად, რაც სხვა მოსამართლეების ჩართულობას პროცესებში ფორმალურს ხდის.
ჩვენ მიიჩნევთ, რომ რეგიონული თავისებურებების გათვალისწინებით, ადგილობრივ დონეზე გამართულ სამუშაო შეხვედრებში საზოგადოების, პროკურატურის, სასამართლოს და ადვოკატების ჩართულობა მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის მიმართულებით რეგიონში არსებულ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და მათ გადასაჭრელად ეფექტიანი რეკომენდაციების შემუშავებისთვის.
შეხვედრის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს გულუხვი დახმარების წყალობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ის შეიძლება არ ასახავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.