სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

2014-06-06 11:58
Featured image
დღეს, 2014 წლის 6 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციამ, საქართველოში აკრედიტებული ელჩების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის, კვლევის – “საყდრისი-ყაჩაღიანი: კულტურული მემკვიდრეობიდან ოქროს თანამედროვე მოპოვებამდე” პრეზენტაცია გამართა.
 
კვლევა ორ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. პირველი მათგანი საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორე _ საზოგადოებისთვის ამ დრომდე ნაკლებად ცნობილ, სახელმწიფოს მიერ გაცემულ (გაგრძელებულ) იმ ლიცენზიას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია საყდრისი-ყაჩაღიანზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად. კვლევაში წარმოდგენილია ასევე ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად არიან ჩართულნი ძვირფასი ლითონების მოპოვების პროცესში.
 
კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ:
 
• საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით, შპს „RMG Gold“-ს ლიცენზიის შეძენის დროს არ უნდა ჰქონოდა განსაკუთრებული ეკონომიკური გათვლა საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე, რადგანაც 2009 წელს, როცა ლიცენზია კომპანიის ხელში გადავიდა, საყდრისი-ყაჩაღიანი უკვე წარმოადგენდა ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ეს გარემოება კი, ობიექტზე მსხვლმაშტაბიანი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
 
• შპს „RMG Gold“-ის ლიცენზიის მოქმედების უფასოდ გაგრძელება და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედება აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა ლიცენზიის გაგრძელების დროს კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა კორუფციულ ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას;
 
• წიაღის მომპოვებელი ყველა ის კომპანია, რომელიც საიას მიერ კვლევის დროს იქნა შესწავლილი, საბოლოოდ ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ყველა მათგანის უკან კვიპროსში რეგისტრირებული ,,Pamtilon Holding Limited''-ი დგას. თუმცა, ვინ დგას თავად ამ კომპანიის უკან, უცნობია;
 
•,,Pamtilon Holding Limited''-ის მიერ დაფუძნებული კომპანიების და ამ კომპანიების შვილობილ კომპანიებში (როგორც მმართველობით ორგანოებში, ასევე სამეთვალყურეო საბჭოებში), დღევანდელი მდგომარეობით, წარმოდგენილნი  არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იმ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც ხდებოდა წიაღით სარგებლობის მიზნით ლიცენზიების გაცემა.
 
• საყდრისი-ყაჩაღიანთან, როგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით, 2013 წლის 28 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ თერთმეტკაციანი კომისიის შექმნა წინააღმდეგობაში მოდის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ამასთან, კომისია გასცდა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და იმსჯელა ისეთ თემებზე რომელთა შესახებაც მსჯელობა კომისიისთვის არავის დაუვალებია;
 
• თერთმეტკაციანი კომისიის დასკვნა, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის ბათილად ცნობის საფუძველი გახდა, არ წარმოადგენდა სავალდებულოდ გასათვალისწინებელი ხასიათის დოკუმენტს. შესაბამისად, სამინისტროს თავისუფლად შეეძლო, კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ასახული მტკიცებულებების მართებულობა, კომპეტენციის ფარგლებში, გადაემოწმებინა როგორც სამინისტროში არსებული _ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს _ საშუალებით, ასევე, უშუალოდ ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებთან. თუმცა კომისიის დასკვნის გადამოწმება არ მომხდარა;
 
• საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების მიზნით, სამინისტროს მიერ შპს „RMG Gold“-ზე გაცემული დადებითი დასკვნის მომზადების დროს არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესები;
 
• სამინისტრომ ისე მისცა „RMG Gold“-ს საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება, რომ მხედველობაში არ მიიღო და არ შეაფასა სამინისტროს სისტემაში არსებული არქეოლოგიური სექციის დასკვნა;
 
• სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუტარებიათ ქმედითი და ეფექტური ღონისძიებები საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყების და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით;
 
კვლევაში განხილული საკითხების ანალიზი, შეჯამების სახით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გაკეთების საშუალებას იძლევა. კერძოდ:
 
• როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეფექტური ზომები უნდა მიიღოს საიმისოდ, რომ სავალდებულოდ ღია გახდეს ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების დამფუძნებლების და რეალური მესაკუთრეების შესახებ;
 
• სამართალდამცავი ორგანოები დროულად უნდა დაინტერესდნენ „RMG Gold”-ის ლიცენზიის გაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისას ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციული ტიპის გარიგებას ან სხვა სახის კანონდარღვევას. ამასთან, ხელისუფლებამ ღიად უნდა განაცხადოს, თუ რა გარემოებების საფუძველზე გაუგრძელა უფასოდ „ღMG Gოლდ”-ს ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე;
 
• მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში, ხელისუფლებამ სრულად უზრუნველყოს საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო მნიშვნელობის ექსპერტების ჩართულობა და ობიექტური დასკვნის მომზადება; 
 
• აუცილებელია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ დროულად დაიწყოს და ეფექტურად წარმართოს გამოძიება;
 
• კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს როგორც ფართო დისკუსიების გამართვა, ისე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საჯაროობა;
 
საია, უახლოეს დღეეში კვლევის საჯარო პრეზენტაციას გამართავს.