სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2014-12-04 12:00
Featured image

2014 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

საიამ დღემდე მონიტორინგის ექვსი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლებიც ერთიანობაში მოიცავს პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის აგვიტოს ჩათვლით. 
საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად შემდეგი მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოვლინდა:
 
მონიტორინგის თავდაპირველ ეტაპზე, სასამართლოები პირველი წარდგენის სხდომებზე ყოველთვის აკმაყოფილებდნენ პროკურორის შუამდგომლობებს და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ ხშირად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. აღნიშნული პრაქტიკა 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეიცვალა და მას შემდეგ გრძელდება გაუმჯობესება ცალკეული მიმართულებებით. კიდევ უფრო შემცირდა აღკვეთის ღონისძიების შესახებ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით პატიმრობის შემთხვევებში.
 
შეიცვალა პრაქტიკა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახეების მიხედვითაც. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსამართლეები უცვლელად აღარ აკმაყოფილებდნენ ბრალდების მხარის შუამდგომლობებს და მიუხედავად მათ  მიერ პიტიმრობის მოთხოვნისა, უფრო ხშირად უფარდებდნენ ბრალდებულებს გირაოს. 2014 წლიდან მოსამართლეები უფრო ხშირად იყენებენ გირაოს და პატიმრობისგან განსხვავებულ აღკვეთის ღონისძიებებს, თუმცა, ეს ღონისძიებები კვლავ საქმეთა მცირე ნაწილში გამოიყენება. 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში იმ ბრალდებულთა რაოდენობა, რომელთაც პატიმრობა შეეფარდათ, წინა პერიოდთან შედარებით 42%-დან 37%-მდე შემცირდა და იმ ბრალდებულთა რაოდენობა, რომელთაც გირაო შეეფარდათ, 55%-დან 52%-მდე შემცირდა. იმ ბრალდებულთა რაოდენობა, რომელთაც აღკვეთის ალტერნატიული სახე შეეფარდათ და რომლებიც აღკვეთის გარეშე გათავისუფლდნენ 3%-დან 11%-მდე გაიზარდა.
 
პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებების შესახებ, მეტწილად გირაოს ნაწილში, კვლავ დაუსაბუთებელი რჩება. თუმცა, სასამართლო უფრო ხშირად ცდილობს, თავად გამოარკვიოს ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობა.
 
2012 წლის არჩევნების შემდეგ სასამართლოს მიერ დაცვის მხარის შუამდგომლობების დაკმაყოფილება მტკიცებულებათა წარდგენის შესახებ აღარ არის ბრალდების თანხმობაზე დამოკიდებული. 2013 წლიდან 2014 წლის 15 აგვისტოს პერიოდში საიამ დააფიქსირა ორი შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა წინასასამართლო განხილვის ეტაპზე.  მსგავსი შემთხვევა 2013 წლამდე არ დაფიქსირებულა. 2013 წლის შემდეგ კი, სასამართლოები აღარ აკმაყოფილებენ ბრალდების ყველა შუამდგომლობას წინა სასამართლო სხდომებზე.
 
პრობლემად რჩება სასამართლოების მიერ პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნება.
 
მონიტორინგის საწყის ეტაპზე  მოსამართლეები ძალიან პასიურები იყვნენ და ყველა საპროცესო შეთანხმებას ადასტურებდნენ სასჯელის სამართლიანობის შემოწმების გარეშე. 2013 წლის მეორე ნახევრიდან მოსამართლეთა მსგავსი მიდგომა შეიცვალა და 2014 წელს მონიტორინგის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ არასამართლიანად მიიჩნია საპროცესო შეთანხმებით დადგენილი სასჯელი და არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. Mმონიტორინგის საწყის ეტაპთან შედარებით შემცირდა იმ საპროცესო შეთანხმებების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებშიც ჯარიმა იყო გამოყენებული. შემცირდა ჯარიმების საშუალო ოდენობაც, თუმცა, მონიტორინგის ბოლო პერიოდში (2014 წლის იანვარი-აგვისტო) ის კვლავ გაიზარდა.
 
საია იმედს იტოვებს, რომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს გაიზიარებს სასამართლო ხელისუფლება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის გაჯანსაღებას. 
 

    
მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ის არ ასახავს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს. 
 
 
ანგარიშები იხილეთ აქ: http://gyla.ge/uploads/publications/6-GEO.pdf