2016 წლის 10 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.
პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა. საიამ დღემდე მონიტორინგის რვა ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც, ერთიანობაში, მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით. საიას მერვე ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით. ამ პერიოდში დაკვირვების შედეგად გამოვლენილ იქნა შემდეგი შემთხვევები:
• უმრავლეს შემთხვევაში, ბრალდებულების მიმართ კვლავ გამოიყენება აღკვეთის ღონისძიება. სასამართლო, ძირითადად, კვლავ ორი სახის აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობასა და გირაოს იყენებს. Pპროკურორი თითქმის ყველა შემთხვევაში ითხოვს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.
• გაიზარდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პროცენტული მაჩვენებელი გირაოსა და პატიმრობის გამოყენების შესახებ. Pპროკურატურას თითქმის ყველა შემთხვევაში არ მიჰქონდა ინფორმაცია სასამართლოში ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მაინც აყენებდა შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე. მართალია, სასამართლო ხშირად ცდილობდა თავად დაედგინა ბრალდებულის ქონებრივი და ფინანსური შესაძლებლობები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი გამორკვევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული.
• ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი იყო ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან დაკავშირებით ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო. სასამართლომ ბრალდებულებს შეუფარდა გირაო ისეთი ოდენობით, რომელიც ვერ იქნებოდა ბრალდებულის ქცევის შემაკავებელი საშუალება. ამით მოსამართლემ პოტენციური საფრთხე შეუქმნა ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
• საია დადებითად მიიჩნევს, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს შეფარდებული პატიმრობის პერიოდულად გადასინჯვას მოსამართლის მიერ, თუმცა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ყველა ასეთი გადასინჯვის შედეგად, მოსამართლემ პატიმრობა დატოვა ძალაში, რაც აჩენს ეჭვებს, რომ აღნიშნული პროცედურა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
• საპროცესო შეთანხმების სხდომებზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პროკურატურამ რამდენიმე მცირე მნიშვნელობისა და ზიანის მქონე დანაშაულის საქმეებზე წარადგინა შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით და მოსამართლემ დააკმაყოფილა. მაშინ როდესაც, კანონმდებლობა ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
• პროკურატურა, უმრავლეს შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით ატარებს ჩხრეკასა და ამოღებას.
• დასრულებული 53 საქმიდან, 3 განაჩენი იყო გამამართლებელი. წინა საანგარიშო პერიოდში, სასამართლოს მიერ მიღებული ყველა განაჩენი იყო გამამტყუნებელი.
საია იმედს იტოვებს, რომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და გაკეთებულ დასკვნებს გაიზიარებენ როგორც ის სასამართლოები რომელთაც საია აკვირდებოდა, აგრეთვე რეგიონული სასამართლოები, სადაც საია პროცესებს არ აკვირდება. საიას რწმენით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის უფრო მეტად სრულყოფა-გაუმჯობესებას.
მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ის არ ასახავს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.