სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საქართველოს სამინისტროებში პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემის დანერგვის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა

2013-06-07 04:34
Featured image
მიმდინარე წლის 7 ივნისს საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით ,,საქართველოს სამინისტროებში პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემის დანერგვის მონიტორინგი”. 
 
კვლევაზე მუშაობის პროცესში საიამ მიმართა საქართველოს ყველა სამინისტროს და გამოითხოვა ინფორმაცია, ყოველ კონკრეტულ უწყებაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებობდა თუ არა: 
 
პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემა და
ფაილურ სისტემათა კატალოგი
 
საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ადგენს, რომ ფაილური სისტემა არის მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება, რომელშიც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით. ფაილური სისტემის სწორად ფორმირება და გამართული მუშაობა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით.
 
კვლევის შედეგად საიამ გამოავლინა შემდეგი პრობლემური საკითხები:
 
მიუხედავად კანონის მოთხოვნებისა, დღემდე არ არის დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებისა, სამინისტროების უმრავლესობა არ აწარმოებს ფაილურ სისტემას და ფაილური სისტემის კატალოგს;
სამინისტროების მცირე ნაწილი აწარმოებს ფაილურ სისტემას და მის კატალოგს, თუმცა, ისინი კანონის მოთხოვნათა მხოლოდ ნაწილს აკმაყოფილებს;
რამდენიმე სამინისტროს არასწორად ესმის ფაილური სისტემისა და ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების ვალდებულება და მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანიშვნას უკავშირებს.
 
კვლევა განხორციელდა საიას მიერ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ“ (OSI).