2010 წლის 13 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახალხო დამცველის #477-ე კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ,,სასამართლოს მეგობრის” სტატუსით წერილობითი მოსაზრება წარუდგინა.
საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-19 (სინდისის, რელიგიის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი) მუხლებთან მიმართებაში.
სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებულ სადავო ნორმაში აღნიშნულია: ,,ამ კანონით განსაზღვრული წესით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.” სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არ აძლევს სარეზერვო ვალდებულების ქვეშ მყოფ პირებს, რელიგიური და არარელიგიური რწმენის საფუძველზე ამგვარი სამსახურის მიმართ წინააღმდეგობის გამო მოითხოვონ ალტერნატიული სამსახური.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის წერილობით მოსაზრებაში ეთანხმება სახალხო დამცველს და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებმა ისევე შეიძლება წარმოშვას კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა სარეზერვო სამსახურის მიმართ, როგორც ეს სამხედრო სამსახურის შემთხვევაში ხდება. სარეზერვო სამსახურის მიზანია მხარი დაუჭიროს სამხედრო ძალებს, შეინარჩუნოს მაღალი საბრძოლო მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ზურგის ოპერაციებში და ჩაენაცვლოს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს. ეს გარემოება აშკარად მიუთითებს სარეზერვო სამსახურის სამხედრო და არა სამოქალაქო ხასიათზე. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიზნების რეალიზაციისათვის მასში ჩართულ პირს მოეთხოვება, შეხება იქონიოს ცეცხლსასროლ იარაღთან, იცოდეს მისი გამოყენება. აღნიშნული ხასიათის აქტივობები კი წინააღმდეგობაში მოდის ცალკეულ რელიგიურ და არარელიგიურ რწმენასთან. სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ალტერნატიულ სამსახურს, როგორც გამონაკლისს იმ პირებისათვის, რომლებსაც ამგვარი სამსახურის მიმართ რწმენაზე დაფუძნებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა გააჩნიათ.