როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი მიმდინარე წლის 24 და 27 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისსა და ბათუმში ანგარიშის - “რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა, ბათუმის რეაბილიტაცია” - პრეზენტაცია გამართა.
ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ბათუმის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში განხორციელებულ ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამა. ცალკე არის წარმოდგენილი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ისეთი პროექტები, როგორიცაა ბათუმში ალფაბეტური კოშკისა და პიაცას მოედნის მშენებლობა. ასევე, ისტორიული ფორტის და ოპერის სახლის მშენებლობა ბათუმში. ანგარიშში სათანადო ადგილი ეთმობა ასევე ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ 2009-2013 წლების პროგრამის განხორციელების დროს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ანგარიშის მომზადების შედეგად გამოვლენილი ფაქტების ფონზე ცნობილი გახდა, რომ ის ძირითადი ტენდენციები და შემთხვევები რასაც ბათუმის 2009-2013 წლების „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის” განხორციელების დროს ჰქონდა ადგილი აუცილებლად უნდა გახდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაინტერესებისა და შესწავლის საგანი.
შესაბამისად, დღეს 2013 წლის 8 ოქტომბერს საიამ, ბათუმის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში განხორციელებული „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის” შესწავლის მიზნით ოფიციალურად მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
საია მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი.