საიამ საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მოსამართლის თანხმობის გარეშე ფარული მიყურადების შესაძლებლობას იძლევა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
2009-10-16 20:00
2008 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა პარლამენტის წინააღმდეგ. საია ითხოვს ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად: ,,თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.”
არც სადავო ნორმა, ისევე როგორც ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონი მთლიანობაში არ ითვალისწინებს ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ექვს თვემდე გაგრძელების საკითხის გადაწყვეტაში მოსამართლის მონაწილეობას. ეს გარემოება კი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, რომლითაც საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით ხელშეუხებელია და აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით და ან მის გარეშეც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ ვადას არანაირი საერთო არა აქვს გადაუდებელ აუცილებლობასთან, როდესაც სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ფარული მიყურადება დაშვებულია მოსამართლის თანხმობის გარეშე. ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც ,,დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას.”
საიას აზრით, შეუძლებელია არსებობდეს ისეთი გადაუდებელი აუცილებლობა, რომელმაც შესაძლოა ექვსი თვის განმავლობაში გაამართლოს ფარული მიყურადების განხორციელება სასამართლო კონტროლის გარეშე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ვინაიდან ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგოდ შესაძლებლობას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს ფარული მოსმენები აწარმოონ ექვსი თვის განმავლობაში მოსამართლის ბრძანების გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა სცნოს არაკონსტუტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოაცხადოს..