სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სამართლიან არჩევნებთან ერთად არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეაფასა

2010-06-15 12:35
Featured image

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი" 2010 წლის 13 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანი, ხელისუფლების განცხადებით, სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის გზით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობა იყო. უწყებათაშორის ჯგუფს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებთან აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობაც დაევალა.

საარჩევნო უწყებათაშორისი ჯგუფი პირველად 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა. მან მუშაობა 2008 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც გააგრძელა.

2010 წლის უწყებათაშორისი ჯგუფი შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, და ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსნებისგან შედგება. ამგვარი მაღალი რანგის პირებით დაკომპლექტება ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი დადებითი მახასიათებელია. ამ ქმედებით ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, მისი უფრო მეტი ქმედუნარიანობა უზრუნველყო და მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ 30 მაისის არჩევნების  თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდში უწყებათაშორისი ჯგუფი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რამდენჯერმე შეხვდა და მათ მიერ გამოვლენილი დარღვევები დეტალურად განიხილა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 29 მარტისა და 11 მაისის, და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" 23 აპრილისა და 22 მაისის წინასაარჩევნო ანგარიშებს მან საკმაოდ ვრცელი, წერილობითი პასუხებიც გასცა (ეს პასუხები ინტერნეტით გამოქვეყნდა). წინა არჩევნებთან შედარებით ეს გაუმჯობესებაა, რადგან 2008 წელს უწყებათაშორის ჯგუფს სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებზე არც ერთი წერილობითი პასუხი არ მოუმზადებია.

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უწყებათაშორისი ჯგუფის წევრებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ (მათ შორის პრემიერ-მინისტრის) მიერ გაკეთებული ის საჯარო განცხადებებია, რომლებითაც ისინი საჯარო მოსამსახურეებსა და არჩევნების ადმინისტრირებისთვის პასუხისმგებელ პირებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული დადებითი ტენდენციების მიუხედავად, უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობას, ჯერჯერობით, რეალური შედეგი არ მოუტანია – გამოვლენილ დარღვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაზე გამოძიება ან არ დაწყებულა ან ჭიანურდება და დამრღვევი პირები არ დასჯილან. 15 ივნისის მდგომარეობით, უწყებათაშორისი ჯგუფის ჩარევით სათანადო რეაგირება მხოლოდ ერთ ფაქტს მოჰყვა (ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სკოლაში წინასაარჩევნო ღონისძიების ჩატარების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს). აპრილის დასაწყისიდან 30 მაისამდე დაფიქსირებულ არაერთ სხვა დარღვევაზე კი გამოძიება ახლაც გრძელდება. ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია 3 მაისს მესტიაში ოპოზიციური კანდიდატების დაშინების გახმაურებული შემთხვევაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებები და ფარული ვიდეოჩანაწერი არსებობს. საქმის აღძვრიდან ერთი თვის შემდეგ, არც ერთი მოწმე არ დაუკითხავთ.
ბევრჯერ ითქვა, რომ 30 მაისის არჩევნები საქარველოს დემოკრატიული მისწრაფებების ტესტად აღიქმებოდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ აღრიცხულ დარღვევებსა და კონკრეტულად, მესტიის შემთხვევასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები იმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, თუ რამდენად რეალურია ხელისუფლების მონდომება, რომ დარღვევები აღკვეთოს და ამით საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს.

არადამაკმაყოფილებელი იყო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პასუხები სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ფინანსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებაზე გამოთქმულ შენიშვნებზეც. რიგ შემთხვევებში ეს პასუხები ორგანიზაციების ანგარიშებში მოცემულ ინფორმაციას არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებდა, ზოგ შემთხვევაში კი ისინი სიმართლეს არ შეესაბამებოდნენ. შედეგად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უწყებათაშორისი ჯგუფისთვის ხარვეზების გამოვლენასა და მომავალში მათ პრევენციაზე პრიორიტეტული, მათთვის რაიმე (თუნდაც მცდარი) გამართლების მოძებნა იყო.

საბოლოო ჯამში, ვერ ვიტყვით, რომ უწყებათაშორისმა ჯგუფმა გაცხადებულ მიზანს სრულად მიაღწია. დაგვიანებული, ზოგჯერ კი არაადეკვატური რეაგირების გამო მან ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო ვერ შექმნა. სამწუხაროდ, ვერც არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების თანაბარ პირობებში ჩაყენებას შეუწყო ხელი.

ჯგუფის ეფექტიანობის ასამაღლებლად აუცილებელია, რომ:


1.    მან დარღვევების გამოძიებას აქტიური ზედამხედველობა გაუწიოს. ეს პროცესი დროულად დაასრულოს და დამრღვევები სათანადოდ დასაჯოს. იმის გათვალისწინებით, რომ უწყებათაშორისი ჯგუფი მაღალი თანამდებობის პირებით არის დაკომპლექტებული, მას უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ დარღვევებზე დროული რეაგირება გააკეთოს.

2.    სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებზე პასუხების მომზადებისას იყოს მაქსიმალურად ობიექტური და მოტივირებული, რომ თითოეული საკითხი საფუძვლიანად შეისწავლოს და სათანადო შეფასება მისცეს.

3.    უფრო აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს მოქალაქეებთან. მათ მუდმივ რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია დაგეგმილი და გაწეული სამუშაოს და მიღწეული შედეგების შესახებ. სასურველია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრების შემდეგ მომზადდეს შეხვედრის ოქმები, რომელთა საშუალებითაც საზოგადოებას ეცოდინება, თუ როგორ წარიმართა ეს შეხვედრები, რა ინფორმაცია მიაწოდეს უწყებათაშორის ჯგუფს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რა პასუხები გასცა მათ ჯგუფმა და ა. შ. ეს საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად ადევნონ თვალყური უწყებათაშორისი ჯგუფის საქმიანობას და თავადვე შეაფასონ მისი ეფექტიანობა.