საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
ევროპულმა სასამართლომ საიას მოთხოვნა რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართვასთან დაკავშირებით 2018 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე სასამართლომ მხოლოდ საიას და სახალხო დამცველის თხოვნა დააკმაყოფილა.
ევროპულმა სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საიას მიერ წარდგენილი თხოვნა და საიას მისცა შესაძლებლობა, წარედგინა პოზიცია მის მიერ მოთხოვნილ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, საიას მიერ არ უნდა მომხდარიყო მოსაზრებების წარდგენა საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით.
საიამ წერილობითი მოსაზრებები სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა. ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ წერილობით მოსაზრებებში საია მიმოიხილავს სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 89-ე მუხლებთან დაკავშირებით (იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ასევე, საქმეთა განაწილების პრინციპთან მიმართებით საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას.