2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მასობრივად დაზარალდა მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა. დაირღვა მრავალი სამოქალაქო პირის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საკუთრების და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. მრავალი ადამიანი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის, ასევე დისკრიმინაციის მსხვერპლი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავიდანვე გამოხატა მზადყოფნა იურიდიული დახმარება გაეწია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირებისათვის. საიას ადვოკატებმა იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს ასობით მოქალაქეს და მოამზადეს ამ უკანასკნელთა საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში გასაგზავნად.
2009 წლის თებერვალში საიამ, რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული 350 პირის სახელით, სტრასბურგის სასამართლოში 50 ინდივიდუალური განაცხადი შეიტანა. აღნიშნულ განაცხადთაგან 49 რუსეთის ფედერაციის, ხოლო ერთი საქართველოს წინააღმდეგ გაიგზავნა. ეს უკანასკნელი ეხება 2008 წლის 9 აგვისტოს ქ. ცხინვალის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი ქალბატონის დაღუპვის ფაქტს. კერძოდ, ქ. ცხინვალში მუდმივად მცხოვრები ორი და საკუთარ სახლში, ჭურვის ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
მიმდინარე წლის მარტში საიამ, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ ინდივიდუალურ განაცხადებთან დაკავშირებით მიმართა რუსეთის და საქართველოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. მიმართვის მიზანია დადგინდეს, დაიწყო თუ არა წინასწარი გამოძიება 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, საია მოითხოვს საქართველოსა და რუსეთის საგამოძიებო ორგანოებისაგან, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებზე წინასწარი გამოძიების დაწყებას.