სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ - „ქალაქ ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მონიტორინგის შედეგების“ პრეზენტაცია გამართა

2013-04-29 06:40
Featured image

დღეს, 2013 წლის 29 აპრილს, ქ. ქუთაისში საიამ - „ქალაქ ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მონიტორინგის შედეგების“ პრეზენტაცია გამართა.

 
საიას მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ:
არ არსებობს ქ. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის ერთიანი პროექტი. მიუხედავად საიას არაერთი მცდელობისა, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებსა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ მიმართვისა, საიასთვის არ მოუწოდებიათ ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის ერთიანი პროექტი  და, სავარაუდოდ, როგორც ერთიანი დოკუმენტი, იგი დღემდე არ არსებობს.
ქ. ქუთაისის წყალმომარაგების კომპონენტის კერძო კომპანიისთვის გადაბარებამ, არსებითად გაზარდა კანონდარღვევის, არაგამჭვირვალობის და არაანგარიშვალდებულების შესაძლებლობა.
შეუძლებელია იმ თანხების ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, რაც  ქ. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 2006-2011 წლებში დაიხარჯა. საიას ინფორმაციით ამ მიზნით მთლიანობაში მინიმუმ 50,092,096.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ქ. ქუთაისს დღემდე არ გააჩნია დაპირებული 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემა. 
 
საია მიიჩნევს, რომ  ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიცაა -  ქ. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს და შესაბამისად, ყველა მიმდინარე პროცესი, რომელიც წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა (განხორციელდება), უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი დაინტერესებულ პირთათვის.
 
მონიტორინგი განხორციელდა საიას ქუთაისის ფილიალის მიერ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია „ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ“ (OSI).