საიამ “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე დასკვნა მოამზადა
2010-05-17 12:09
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დასკვნა მოამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ შემუშავებული “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე.
საიას აზრით, თავისთავად კანონპროექტის შემუშავება წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის თვალსაზრისით, თუმცა, წამოდგენილ დოკუმენტში გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები კვლავ მოითხოვს სათანადო დამუშავებასა. ამასთან, საიას აზრით, პროექტში მოცემული ცალკეული ნორმები არსებულ რეგულირებებთან შედარებით რეგრესულად უნდა შეფასდეს. კერძოდ:
• მიგვაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უფრო მაღალ სტანდარტებს ქმნის საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით, ვიდრე შემოთავაზებული კანონპროექტი. მაგალითად, კანონპროექტის მე-9 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულებას შეუძლია დაამუშავოს და გასცეს პირის სქესობრივ ცხოვრებასთან, რელიგიურ და პოლიტიკურ მრწამსთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე. მაშინ, როდესაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საერთოდ კრძალავს საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი ინფორმაციის შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას ან გადაცემას, რომელიც შეიცავს პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან დაკავშირებულ მონაცემებს. ვფიქრობთ, კანონპროქტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას არსებული რეგულაციების შესუსტება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საფრთხის ქვეშ დაყენება;
• კანონპროექტით დადგენილია საფასური კალენდარული წლის განმავლობაში პირზე მის შესახებ დაცული ერთი და იგივე პერსონალური მონაცემების განმეორებით გაცემისთვის. არ არის განსაზღვრული ,,საფასურის” დეფინიცია - არის ეს მხოლოდ მოსაკრებელი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისთვის თუ თავად ინფორმაცია ხდება ფასიანი;
• კანონპროექტი ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლის უარის (პერსონალური მონაცემების გაცემაზე, შესწორებაზე ან განადგურებაზე) გასაჩივრებას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში. გასაჩივრების აღნიშნული მექანიზმი საკმაოდ ბუნდოვანია. კერძოდ, გაურკვეველია, კანონმდებლის მიერ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით გასაჩივრების სამ საფეხურიანი მექანიზმია შემოღებული თუ გასაჩივრების ალტერნატიული გზებია შეთავაზებული. ვფიქრობთ, კანონპროექტმა უნდა დააზუსტოს აღნიშნული საკითხი;
• ,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით არ არის განსაზღვრული მონაცემთა დამმუშავებლის პასუხისმგებლობის ზომა იმ შემთხვევებისათვის, თუ ადგილი ჰქონდა რაიმე სახით მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევას, რაც ყოველგვარი გარანტიების გარეშე ტოვებს მას;
• კანონპროექტით შემოღებულია მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, თუმცაMმისი დამოუკიდებლობა სათუოა. წარმოდგენილი ვარიანტით, ინსპექტორს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. აღნიშნულის ნაცვლად, მიგვაჩნია, რომ ინსპექტორს საქართველს პარლამენტი უნდა ირჩევდეს;
• კანონპროექტიდან არ არის ნათელი, თუ რა სახის საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და როგორია მისი იურიდიული ძალა. იმისათვის, რათა ეფექტური და ქმედითი იყოს მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი, აუცილებელია სავალდებულო ძალის მინიჭება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისათვის;
• კანონპროექტი ძალიან სუსტია ინსპექტორის გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფის თავალსაზრისით და საერთოდ არ ითვალისწინებს სანქციებს. მიგვაჩნია, რომ ინსპექტორის გადაწყვეტილებებისა თუ მისი სხვა კანონიერი მოთხოვნების სავალდებულოობა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ადმნისტრაციული სამართალდარღვევების მექანიზმის გამოყენებით.
საბოლოო დასკვნის სახით, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის წამოდგენილი ვერსია საკმაოდ სუსტია. სერიოზული გადამუშავების გარეშე, ის ვერ მოახერხებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას და მის მიერ დეკლარირებული მიზნების მიღწევას, რაც ხელს შეუშლის მოქალაქეთა პირადი უფლებების რეალიზებას ქვეყანაში.