2020 წლის 22 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს ალტერნატიული ანგარიშები წარუდგინა, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულების მდგომარეობას აფასებს.
პარლამენტი 2016 წლიდან ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
მთავრობის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს განუსაზღვრა ვადა მათი ანგარიშების წარსადგენად. წინა წლის მსგავსად, საიამ ამჯერადაც გამოიყენა აღნიშნული შესაძლებლობა და პარლამენტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულებასთან დაკავშირებით ალტერნატიული ანგარიშები წარუდგინა.
ალტერნატიულ ანგარიშებში საია სახელმწიფოს მიერ გატარებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს აფასებს და დამატებით, სახელმწიფოს კონკრეტული ზომების გადადგმისკენ მოუწოდებს, რომლებიც აუცილებელია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების ეფექტიანად და სრულყოფილად აღსასრულებლად.
საიას მიერ წარდგენილი ალტერნატიული ანგარიშები შემდეგ საქმეებს მოიცავს:
მახარაძის და სიხარულის ჯგუფის საქმეები - აღნიშნული საქმეები პენიტენციურ და კერძო სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა არასათანადო მკურნალობას შეეხება. პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების მიღების თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ამ მიმართულებით კვლავ იკვეთება გარკვეული ხარვეზები, რაც უარყოფითად ისახება პატიმრებისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების კუთხით. სამედიცინო მომსახურების მიღების გარდა, პრობლემას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მკურნალობის ფაქტების გამოძიების დროს საგამოძიებო ქვემდებარეობის კუთხით არსებული პრობლემები.
ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები - ამ ჯგუფში არსებული საქმეები სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპყრობის დარღვევას და აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობას შეეხება. ამ საქმეთა აღსრულების მიმართულებით, პრობლემად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება როგორც პრაქტიკული, ასევე, ინსტიტუციური თვალსაზრისით. გამოწვევები რჩება სამართალწარმოებაში დაზარალებულის ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხითაც. დამატებით, პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მანდატთან დაკავშირებული ხარვეზები. ამასთან, შეშფოთებას იწვევს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება და დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ მათი არაფორმალური მმართველობისთვის გამოყენება/ხელშეწყობა.
იდენტობის ჯგუფის საქმეები - აღნიშნული საქმეები სახელმწიფოს მიერ ლგბტ+ აქტივისტების და იეჰოვას მოწმეების არასათანადო დაცვას კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობისგან და ამ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების განუხორციელებლობას შეეხება. დღევანდელი მდგომარეობით კვლავ მძიმე სიტუაციაა ლგბტ+ თემის და იეჰოვას მოწმეთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის და დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა. პრობლემურია ლგბტ+ თემის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების რეალიზების საკითხიც. დამატებით, პრობლემას წარმოადგენს ცნობიერების ამაღლების კამპანიების ნაკლებობა მოსახლეობაში, რომელიც არსებული განწყობებისა და სტიგმების შემცირებისკენ იქნება მიმართული.
სარიშვილი და ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ - აღნიშნული საქმე კერძო სამედიცინო დაწესებულებაში არასათანადო მკურნალობის შედეგად პაციენტის გარდაცვალებას და გარდაცვლილის ოჯახის წევრისთვის მორალური ზიანის მინიჭებაზე უარს შეეხება. დღეის მდგომარეობით, კანონი კვლავ არ ანიჭებს გარდაცვლილის ახლო ნათესავს დაზარალებულის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არსებული რეგულაცია, რომელიც მხარეს არ აძლევს შესაძლებლობას, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციული დავის განახლება მოითხოვოს.
დამატებით, საიამ ალტერნატიული ანგარიში სახელმწიფოს მიერ 8 საქმეზე გატარებული ინდივიდუალური ღონისძიებების შესახებ წარადგინა. აღნიშნული საქმეები სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს შეეხება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განჩინების საფუძველზე სახელმწიფოს ამ ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება დაევალა. მოცემულ საქმეებზე გამოძიება დღემდე გრძელდება ისე, რომ რაიმე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და არ მომხდარა პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა. გარდა ამისა, მიმდინარე გამოძიებები გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება, რომელიც დროულ გამოსწორებას საჭიროებს ამ საქმეების ეფექტიანად აღსასრულებლად.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების დროულ და ეფექტიან აღსრულებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირველ რიგში მსხვერპლებისთვის, რადგან გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების გარეშე დარღვეული უფლების და სამართლიანობის აღდგენა მისთვის ვერ იქნება მიღწეული. გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისთვისაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეები სტრუქტურულ და კომპლექსურ პრობლემებზე მიუთითებს.