დღეს, 25 იანვარს, საიამ პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო წინადადებით, რომლითაც ითხოვს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას და შეკრების უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვის მექანიზმების სრულყოფას.
დღეისათვის ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს სასამართლოს სამივე ინსტანციაში შეკრების უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული დავის დროულად განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მოთხოვნაა ამ ტიპის დავა განხილული იყოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში, სასამართლოები ხშირად უხეშად არღვევენ ამ ვადებს. სასამართლოს მხრიდან განხილვის ვადების დარღვევა განპირობებულია იმითაც, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან უსაფუძვლოდ ხდება სხვადასხვა დაუსაბუთებელ მიზეზზე მითითება, რაც სასამართლო სხდომის გადადებას იწვევს. ამ პრობლემამ თავი განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვის დროს, როდესაც საქმის განხილვა 2 თვეზე მეტი ვადით გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო. მსგავსი ქმედებები პირის კონსტიტუციით დაცული უფლების რეალიზებას აზრს უკარგავს და საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ყოველთვის ექნება შესაძლებლობა, უსაფუძვლოდ შეზღუდოს შეკრების უფლება და სასამართლოში დავის დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელებით, აქტუალობა დაუკარგოს დაგეგმილ შეკრებას.
ამ ტიპის საქმეების დროულად დასრულებას ხელს უშლის ისიც, რომ კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მომზადების, მხარისთვის გადაცემისა და მისი გასაჩივრების შემჭიდროებული ვადები, ხოლო სასამართლო იყენებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ზოგად ვადებს, რაც არაგონივრულად ზრდის საქმის განხილვის ვადას. საქმის განხილვის გაჭიანურებას ხელს უწყობს, ასევე, დავის შესაძლებლობა სამი ინსტანციის სასამართლოში.
კანონის ხარვეზს წარმოადგენს ისიც, რომ არ არის მოწესრიგებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შეკრების უფლებით სარგებლობის უკანონოდ შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლომაც, როდესაც თბილისის მერიის მხრიდან „პარტიზანი მებაღეებისთვის“ კარვის გაშლისთვის ხელის შეშლა უკანონოდ მიიჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი განსაზღვრავს მხოლოდ შეკრების შეწყვეტის და არდაშვების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში საქმის განხილვის ვადას, მაგრამ არა შეკრების 20 მეტრიანი რადიუსით შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას განხილვის ვადას და წესს.
აღნიშნული პრაქტიკული პრობლემებისა და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საია სთავაზობს პარლამენტს, მკაფიოდ განისაზღვროს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას საქმის განხილვის ერთიანი სტანდარტი;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა;
- შეკრების უფლებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრებისას სასამართლოს ყველა შესაბამის ინსტანციაში საქმის განხილვის სამი კალენდარული დღის დადგენა და ამ ვადის გაგრძელების დაუშვებლობა;
- პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოო იქნება;
- სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების ჩაბარების სპეციალური, ერთდღიანი ვადა, ნაცვლად ზოგადი, 30 დღიანი ვადისა;
- სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების ერთდღიანი ვადა, ნაცვლად 14 დღიანი ვადისა.
საკანონმდებლო წინადადება იხილეთ ქვემოთ მიმაგრებულ დოკუმენტში: