საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გარანტირებული უფლებრივი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით ზოგადი სამართლებრივი საფუძვლის შექმნას და იმედს გამოვთქვამთ, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, ისევე როგორც მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო პროცესი, უზრუნველყოფს კონვენციით გარანტირებული მიზნების სრულ ჰარმონიზებას შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში.
გვსურს, აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტზე მუშაობის დროს გათვალისწინებულ იქნა საიას შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი და აისახა საკანონმდებლო პაკეტში. მიუხედავად კოდექსის პროექტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა და ჩვენი შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებისა, დარჩა საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც საიას აქვს შენიშვნები და მოსაზრებები. აღნიშნული შენიშვნების ერთი ნაწილი პრინციპული ხასიათისაა და ვფიქრობთ, რომ მათზე შეთანხმება მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, მეორე ნაწილი შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც დამატებით უნდა იყოს გათვალისწინებული საკანონმდებლო პაკეტში, ხოლო რაც შეეხება შენიშვნების მესამე ნაწილს, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ისინი განხილული იყოს კანონპროექტზე შემდგომი მუშაობის დროს.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვამდე და მიღებამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასში აისახოს ინტერნეტში მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის ჩარჩო რეგულირება, რაც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან და ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში აისახოს ბავშვის საპროცესო უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო რეგულაციები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზებას. სასამართლოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა ბავშვის უფლებასთან მიმართებით - ჰყავდეს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც არსებითად დაიცავს მის ინტერესებს - ხარვეზიანია და არ შეესაბამება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც სოციალური მომსახურების სააგენტოს შესახებ არსებული მომიჯნავე კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რა ფუნქციები და უფლებამოსილებები გააჩნია ბავშვის წარმომადგენელს, რომელსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს საქმის სასამართლოში განხილვის დროს.
წარმოდგენილი კანონის პროექტი სრულად ვერ პასუხობს იმ საკანონმდებლო პრობლემებს, რომლებიც განსაზღვრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ. სწორედ ამიტომ, საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ფართო დისკუსია და საკითხების დეტალური რეგულირება. შესაბამისად, მართალია ბავშვის უფლებათა კოდექსი და მისი თანმდევი კანონპროექტები ადგენენ ბავშვის უფლებათა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან სტანდარტებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ დამატებით მუშაობას საჭიროებს ის პროცესუალური გარანტიები, როლებიც უზრუნველყოფენ ამ სტანდარტების რეალიზებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ შენიშვნათა გათვალისწინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკანონმდებლო პაკეტს, უზრუნველყოფს ბავშვის უფლებათა დაცვის გარანტირების შექმნას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, ვიტოვებთ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს წარმოდგენილ შენიშვნებს.