საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე დასკვნა წარუდგინა.
მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული სახელმწიფო ვალი არ დაექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რატიფიკაციის პროცედურას.
კონსტიტუცია სახელმწიფო ფინანსებსა და სახელმწიფო სესხს, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიაკუთვნებს. კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ სესხის აღების საკითხი ისეთივე მნიშვნელობისაა როგორიც: საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლის, სამხედრო ხასიათის, სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების შეცვლის საკითხები.
საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ხაზს უსვამს სახელმწიფოს მიერ სესხის აღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის არსებობის მიზნით ადგენს სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების აუცილებლობას. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი კონფლიქტში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს არაკონსტიტუციური კანონი და პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზები შესთავაზა.
იხილეთ საიას
დასკვნა სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის პროექტზე.