2016 წლის 21 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა - „დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“ (საქართველოში არსებული კანონმდებლობა, პრაქტიკა და საერთაშორისო მიდგომები).
კვლევის მიზანია, მიმოიხილოს დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა სისხლის სამართლის პროცესში, გააანალიზოს, ხარვეზები და გამოწვევები კონკრეტული მაგალითებისა და სტატისტიკის საფუძველზე. იმსჯელოს, როგორ აისახა საკანონმდებლო ცვლილებები დაზარალებულის უფლებებსა და მის მონაწილეობაზე სისხლის სამართალწარმოების პროცესში.
მართალია 2014 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელდა დადებითი ცვლილებები დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები არ აღმოჩნდა საკმარისი დაზარალებულის ინტერესების ეფექტური დაცვისთვის. აღნიშნულს ემატება დაზარალებულის ინტერესების დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკული პრობლემები. კერძოდ:
- ცალკეულ შემთხვევებში, პროკურატურა სრულიად დაუსაბუთებლად ეუბნება უარს დაზარალებულის პროცესუალური სტატუსის მინიჭებაზე იმ პირებს, რომლებსაც დანაშაულის შედეგად ზიანი მიადგათ;
- მართალია, პროკურორის უარი დაზარალებულად ცნობასთან, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმასა და გამოძიების ან/და სისხლისსამართლებირი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან, თუმცა, ძირითად შემთხვევებში, ასეთი გადაწყვეტილება თავიდანვე შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან, ამიტომ გასაჩივრება, როგორც წესი, არ არის ხოლმე შედეგის მომცემი და ფორმალურ ხასიათს ატარებს.
- ზოგჯერ, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მიუხედავად, პროკურატურა უარს ეუბნება მათ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობაზე, რაც სათანადოდ არ არის დასაბუთებული;
- კანონმდებლობა არ აძლევს შესაძლებლობას დაზარალებულებს, ეფექტურად დაიცვან საკუთარი უფლებები, მათ შორის, გაასაჩივრონ პროკურატურის ცალკეული გადაწყვეტილებები სასამართლოში, მიიღონ სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები;
- შესწავლილი 27 საპროცესო შეთანხმებიდან, მოსამართლემ, უმრავლეს შემთხვევაში, 21 გადაწყვეტილებაში, მათ შორის, ცემისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების საქმეებზე, უგულებელყო დაზარალებულის ინტერესები და საერთოდ არ აღნიშნა პროკურორის მიერ დაზარალებულთან კონსულტაციის გავლის ფაქტი;
- 2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაზარალებულის მიერ პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების მხოლოდ 7 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ ერთი საჩივარი დაკმაყოფილდა. ხოლო ჩვენ მიერ შესწავლილ, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, მცხეთის, თელავის და ზუგდიდის საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში დაზარალებულის მიერ საჩივრით მიმართვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საია იმედოვნებს, რომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და გაკეთებულ დასკვნებს გაიზიარებენ როგორც საკანონმდებლო უწყებაში, ისე პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში. საიას რწმენით, აღნიშნული გააუმჯობესებს ვითარებას დაზარალებულის უფლებების დაცვის კუთხით ისე, რომ არ შელახავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შეჯიბრებითობის პრინციპს.