9 დეკემბერსსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის 2007 წლის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის რიგით მერვე ანგარიშის (საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ) პრეზენტაცია გამართა.
ისევე როგორც წინა წლებში, 2007 წელსაც სარეზერვო ფონდების განკარგვას საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართავდნენ. საანგარიშო პერიოდში ორივე ფონდის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან გადახარჯვას. 2007 წელს თითოეული სარეზერვო ფონდის მოცულობა შეადგენდა 25 მილიონ ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას ფონდების განკარგვა მხოლოდ 25 მილიონი ლარის ფარგლებში შეეძლოთ. მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, როგორც პრეზიდენტმა, ისე მთავრობამ შესაბამისი ასიგნებების გარეშე ბიუჯეტიდან გასცეს რამოდენიმე ათეული მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ამის უფლებამოსილებას მათ კანონმდებლობა ანიჭებდათ.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის შემთხვევაში წინა წელთან შედარებით გაიზარდა გადახარჯვის მაჩვენებელი, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდის მიმართებაში ამ მონაცემმა 2005 წლიდან მოყოლებული ყველაზე ფართო მასშტაბებს მიაღწია. 2007 წელს სარეზერვო ფონდებიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი სახსრები უმნიშვნელოდ არის გაზრდილი და 29 სტიქიურ მოვლენიდან 28 მათგანი პრეზიდენტისა და მთავრობის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.
აღნიშნულ დარღვევებს ყურადღების მიღმა ტოვებს ფინანსთა სამინიტრო და უფრო მეტიც, მის მიერ მომზადებულ ანგარიშებში ახდენს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის უკანონო ქმედებების დაფარვას. თუმცა, ანგარიშებში არსებული მრავალი წინააღმდეგობიდან გამომდინარე, ეს დარღვევები ცალსახაა.
ანგარიშში მიმოხილულია სამართლებრივი ბაზის ხარვეზები. ასევე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც გამოიწვია პრეზიდენტისა და მთავრობის ძალაუფლებაზე კონტროლის შესუსტება. მონიტორინგის შედეგად გამოკვეთა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: სახსრების არამიზნობრივი განკარგვა, სახსრების არასწორი გაანგარიშების პრობლემა, გარემოებების არასათანადო გამოკვლევა, განკარგულებების დაუსაბუთებლობა, დისკრეციული უფლებამოსილების არასათანადო განხორციელება, განაცხადების წარდგენის პრობლემები, ვალდებულებების აღება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, თანხის ბიუჯეტში დაბრუნების წესის არარსებობა და სხვა.
სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების სიმცირე და ბუნდოვანება წლების მანძილზე ქმნიდა ფონდებიდან სახსრების უკანონო და არამიზნობრივი ხარჯვის საფუძველს. ასოციაციის მონიტორინგის შედეგად ნათელია, რომ მდგომარეობა არც 2007 წელს შეცვლილა და სარეზერვო ფონდებიდან თანხის არამიზნობრივი და უკანონო განკარგვა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.
იხ. ანგარიში