• მთავრობა, როგორც წესი, არ ხელმძღვანელობს ღიაობის პრინციპით და მისი პოლიტიკა არ არის მიმართული საჯარო სამსახურში გამჭვირვალობის დანერგვისაკენ;
• იშვიათი გამონაკლისების გარდა, საჯარო დაწესებულებები პროაქტიულად არ აქვეყნებენ ძირითად ინფორმაციას. განსაკუთრებით პრობლემურია სახელმწიფო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება (მაგალითად: საჯარო მოხელეთა ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია);
• მაშინაც კი, როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია, თავად ინფორმაციის ხარისხი, როგორც წესი, არ არის დამაკმაყოფილებელი;
• ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავების განხილვა ადმინისტრაციულ ორგანოებში არაეფექტურია და საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული საჩივრის სავალდებულო გამოყენების წესთან დაკავშირებით წინდაუხედავი ნაბიჯი აღმოჩნდა ხელისუფლების მხრიდან;
• საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის სასამართლოს გზით გასაჩივრება არ არის ეფექტური და ხელმისაწვდომი. აღნიშნულის მიზეზი არა მხოლოდ ბოლო დროს სასამართლოში დამკვიდრებული ინფორმაციის შეზღუდვის ტენდენციებია, არამედ მაღალი სახელმწიფო ბაჟი, რაც სერიოზულ დაბრკოლებად იქცა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისათვის;
• საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის სისტემა იმდენად მოუქნელი და ხელოვნურია, რომ იგი ინფორმაციის თავისუფლების ბარიერად გადაიქცა;
• კვლავ მოუგვარებელია ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებამ დანიშნა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი, მოხელეთა ხშირი ცვლა ისევ იწვევს ინსტიტუციური მეხსიერების მოშლას. მათი კომპეტენციის გაუმიჯნაობა და გადაწყვეტილების მიღების უფლების არქონა კი კვლავ ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული დაწესებულებების გამჭვირვალობას;
• ზედაპირულია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე საჯარო დაწესებულებებების ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. მიუხედავად კანონმდებლის ცალსახა მოთხოვნისა, ანგარიშები არის არასრულყოფილი და გაუაზრებელი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელ ტენდენციად მიიჩნევს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების ხელფასებისა და პრემიების გასაიდუმლოების ტენდეციას. სწორედ ამ თემატიკას მიეძღვნა დილით გამართული სამი აქცია „რამდენი გაქვს პრემია?“, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან, თბილისის მერიასთან და სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჩატარდა.
მონაწილეებმა დაარიგეს პლაკატები და ფლაერები, რომლითაც მოუწოდეს საჯარო მოხელეებს გაასაჯაროონ თავიანთი საბიუჯეტო შემოსავლები, ხოლო მოქალაქეებს მოითხოვონ აღნიშნული ინფორმაცია.
დღის მეორე ნახევარში სასტუმროში “Radisson BLU” საიამ ”ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში”, - თემაზე პრეზენტაცია გამართა, რომელზეც წარმოადგინა სამი კვლევა: