სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ფემიციდის კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულა

2023-03-01 15:14
Featured image

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დედისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.გადაწყვეტილება სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა უცვლელად დატოვა. აღნიშნული არის საიას წარმოებაში არსებული ერთ-ერთი ფემიციდის საქმე, რომელზეც სასამართლომ კვლავ დაადგინა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფომ ვერც ამ კონკრეტულ საქმეში შეძლო ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სიცოცხლის დაცვა. 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მსხვერპლი ქალი წლების განმავლობაში იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მან არაერთხელ მიმართა საგამოძიებო ორგანოსა და სამედიცინო დაწესებულებას მეუღლის მიერ მიყენებული დაზიანებების გამო. ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულიც იყო გამოძიება, რომელმაც მხოლოდ 24 დღეს გასტანა და შეწყდა „დანაშაულის ნიშნების არარსებობის’’ გამო. გამოძიების შეწყვეტა დასაბუთებული იყო იმ გარემოებებით, რომ მსხვერპლისთვის მიყენებული დაზიანებები იყო მსუბუქი ხასიათის და დარტყმის დროს მსხვერპლს არ განუცდია ტკივილი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, გამოძიებამ დამატებითი გარემოებებისა და კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, მხედველობაში მიიღო მსხვერპლის „სურვილი’’ შეწყვეტილიყო გამოძიება. საბოლოოდ, მსხვერპლს ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები, რამაც გარდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც ძალაში დატოვა ქვემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, განმარტა, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებში ხელისუფლების ორგანოთა ბრალეულობის დადგენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს რამდენიმე გარემოებას: „1. არსებობდა თუ არა რეალური და მყისიერი საფრთხე იდენტიფიცირებული პირის მხრიდან; 2. იცოდნენ თუ არა ხელისუფლების ორგანოებმა ამ საფრთხის შესახებ ან უნდა სცოდნოდათ თუ არა აღნიშნული; 3. მოახდინეს თუ არა ხელისუფლების ორგანოებმა აღნიშნულ საკითხზე პრევენციული რეაგირება, ასევე, ჩაატარეს თუ არა ქმედითი გამოძიება ან მოკვლევა. ამდენად, ხელისუფლების უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეაფასოს პრევენციული ზომების მიუღებლობის პირობებში არსებობს თუ არა მსხვერპლის სხეულის დაზიანების ან/და ლეტალურობის რისკის მატერიალიზების მნიშვნელოვანი ალბათობა, მათ შორის საფრთხის „რეალურობა და გარდაუვალობა“ (ოსმანის ტესტი).“

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსხვერპლმა პოლიციას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა. მიმართვის დროს პოლიციისთვის ცნობილი იყო ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რამდენიმე თვის წინ მოძალადემ მსხვერპლზე იძალადა, რისი დასტურიც იყო სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები და მრავობითი ნაჭდევები. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისგან მსხვერპლი თავს იკავებდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შესაბამისმა ორგანომ, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იცოდა ან უნდა სცოდნოდა პირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების რეალური და დაუყოვნებელი ხასიათი.

 

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.