საიამ და სახალხო დამცველის აპარატმა ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს
2010-05-19 10:10
სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა ერთობლივად წარმოადგინა საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია.
ასევე, გაიმართა საიას ანგარიშის "მართლმსაჯულება საქართველოში" პრეზენტაცია, რომელშიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეეცადა მაქსიმალურად ვრცლად შეესწავლა საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტები, სასამართლო სისტემის არსებული პრაქტიკული პრობლემები და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე გამოევლინა ქართული სასამართლო სისტემის ხარვეზები.
ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის სამართლებრივი გარემოება, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის ეფექტურ და მიუკერძოებელ ფუნქციონირებას უშლის ხელს. მათ შორის განხილულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების და გადაწყვეტილების მიღების, წესი; მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის მეთოდები, როგორიებიცაა 1. საერთო სასამართლოების სისტემაში დამკვიდრებული ე.წ. "მოსმენების" ინსტიტუტი; 2. მოსამართლეებისათვის სხვა სასამართლოებში უფლებამოსილების დაკისრების პრაქტიკა; 3. სასამართლო შინაგანაწესის პრობლემები და ა.შ.
ასევე, გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო წინადადების პრეზენტაცია, რომელიც შეეხება სასამართლო სისტემასთან მიმართებით განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს.