სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ და საფარმა საკონსტიტუციო სასამართლოს ქალების საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

2023-05-30 11:46
Featured image

2023 წლის 25 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საფარმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარუდგინა საქმეზე ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის იმ ნორმას, რომელიც ქალებისათვის პენსიის მიღების ასაკად ადგენს 60 წელს, ხოლო მამაკაცებისათვის - 65 წელს. მოსარჩელე დავობს იმის თაობაზე, რომ იგი, როგორც მამაკაცი, ქალებთან შედარებით იმყოფება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა ქალების საპენსიო ასაკი გაიზარდოს 60-დან 65 წლამდე და იგი გაუთანაბრდეს მამაკაცების საპენსიო ასაკს.

საია და საფარი მათ მიერ წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში მიუთითებენ იმაზე, რომ მართალია, ქალი და მამაკაცი სამართლებრივი თვალსაზრისით არსებითად თანასწორნი არიან, თუმცა მატერიალურ რესურსებთან წვდომის თვალსაზრისით, ქალი და მამაკაცი ფაქტობრივად უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან. საქმე იმაშია, რომ მშობიარობის და შვილის მოვლის გამო ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, არ აქვთ უწყვეტი შრომითი კარიერა. ამასთან, საოჯახო საქმეებში, ბავშვების, ოჯახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და უსაკოვანი ასაკის წევრების მოვლაში, უმეტესად ქალები ხარჯავენ დროსა და ენერგიას, რაც ქალებისთვის არის არაანაზღაურებადი შრომა. სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში მითითებული სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ ქალები თავისი დროის დიდ ნაწილს არაანაზღაურებად შრომაში ატარებენ, ხოლო მამაკაცები ძირითადად ანაზღაურებად შრომას ეწევიან. აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრებზე ზრუნვის მოტივით ქალები ხშირად უარს ამბობენ სამსახურზე, დაწინაურებაზე და შესაბამისად, სამსახურში გაზრდილ პასუხისმგებლობაზე მეტად, უწევთ აირჩიონ სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, რაც ნიშნავს კაცებთან შედარებით ნაკლები შემოსავლის მიღებას. 

სტატისტიკა მიუთითებს, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად ხდებიან უძრავი ქონების მესაკუთრეები. ამის მიზეზია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ქონება მემკვიდრეობით გადადის „გვარის გამგრძელებელ“ მამაკაცებზე. ქალები უმეტესად წარმოდგენილნი არიან ძირითადად წვრილ ბიზნესში, ხოლო მსხვილ ბიზნესში ძირითადად მამაკაცები დომინირებენ. ამ გარემოების გათვალისწინებით, ნაკლებად მოსალოდნელია ქალებს ჰქონდეთ ფინანსური დანაზოგი, რომელსაც სიბერეში თავის რჩენისთვის გამოიყენებენ. ამდენად, ქალები, მამაკაცებისაგან განსხვავებით, სიბერის პირველ წლებს ხვდებიან სათანადო მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე. შესაბამებად, კაცებთან შედარებით ქალებისათვის ნაადრევი ასაკიდან პენსიის მიღების შესაძლებლობა ემსახურება ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას, რაც გამოწვეულია მთელი ცხოვრების განმავლობაში ქალის მიერ საოჯახო არაანაზღაურებადი შრომის შესრულებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“ სქესის ნიშნით განსხვავებული საპენსიო ასაკით სახელმწიფო მიზნად ისახავს აღმოფხვრას, ქალსა და მამაკაცს შორის არსებული ფაქტობრივი უთანასწორობა, რაც კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას წარმოადგენს. ამას გარდა, ქალებისთვის განსხვავებული საპენსიო ასაკის დადგენით სახელმწიფო იცავს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის კომიტეტის რეკომენდაციებს, კერძოდ, N25 (დროებითი სპეციალური ღონისძიებების შესახებ), N27 (ხანდაზმული ქალების და მათი უფლებების დაცვის შესახებ) და N17 ზოგად რეკომენდაციებს (ქალების აუნაზღაურებელი საშინაო საქმის გაზომვისა და ქვონტიფიკაციის შესახებ). ზემოხსენებულ რეკომენდაციებზე მსჯელობისას, კომიტეტი ხაზს უსვამს იმას, რომ არსებითი თანასწორობის მისაღწევად კონკრეტული ღონისძიებების მიღება სახელმწიფოს არა დისკრეცია, არამედ ვალდებულებაა. სწორედ ასეთ ღონისძიებად განიხილება ქალებისთვის განსაზღვრული შედარებით შეღავათიანი საპენსიო ასაკი. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული არაერთი ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიულად საკითხის სწორედ ასე გადაწყვეტა იყო ყველაზე გამოსადეგი ქალებისთვის ფაქტობრივი უთანასწორობის საკომპენსაციოდ.

იმ ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე გაათანაბრეს, ან ახლო მომავალში გეგმავენ ქალებისა და კაცების საპენსიო ასაკის გათანაბრებას, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაიზარდა ეკონომიკურად აქტიური ქალების რიცხვი და მოგვარდა ქალებისა და მამაკაცების შრომის არათანაბარი ანაზღაურების პრობლემა. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს მაგალითზე. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი სპეციალური ღონისძიება, ქალებისათვის ნაადრევი საპენსიო ასაკის არსებობის სახით, კვლავაც აქტუალურია.  

 

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება იხილეთ ბმულზე