დღეს, 2013 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიშის - „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა, ბათუმის რეაბილიტაცია“ პრეზენტაცია გამართა.
ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ბათუმის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში განხორციელებულ ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამა. ცალკე არის წარმოდგენილი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ისეთი პროექტები, როგორიცაა ბათუმში ალფაბეტური კოშკისა და პიაცას მოედნის მშენებლობა. ასევე, ისტორიული ფორტის და ოპერის სახლის მშენებლობა ბათუმში. ანგარიშში სათანადო ადგილი ეთმობა ასევე ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ 2009-2013 წლების პროგრამის განხორციელების დროს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ანგარიშს თან ერთვის ვიზუალური ფოტომასალა, რაც კიდევ უფრო აიოლებს ბათუმის თვითმმართველობის მიერ, ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ 2009-2013 წლების პროგრამის პარალელურად განვითარებული პროცესების ერთიანობაში აღქმას.
მთლიანობაში ანგარიშზე მუშაობის შედეგად საიასთვის ცნობილი გახდა, რომ:
• ბათუმის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში განხორციელებული ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის“ განხორციელების დროს ბათუმის მერიის მიერ ყველაზე ხშირად სახელმწიფო შესყიდვების ის ფორმები გამოიყენებოდა, რომლებიც, როგორც წესი, ნაკლებად კონკურენტულია და ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს. მარტო პიაცას მოედნის პროექტის, ალფაბეტური კოშკის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, ბათუმის მერიამ 80 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებისა და გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით განახორციელა.
• სხვადასხვა წლებში პროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიის მიერ მომსახურებისა და სამუშაოს სახით, მილიონობით ლარის ღირებულების არაერთი ისეთი პროექტი იქნა შესყიდული, რაც შემდგომში აღარ განხორციელებულა. ამ ტიპის პროექტების ნათელ მაგალითს წარმოადგენს: ოპერის თეატრის მშენებლობა ბათუმის ძველ ბულვარში, ბათუმის ფორტი სანაპიროზე, პიაცას გადახურვის პროექტი და სხვა. მხოლოდ ანგარიშში განხილული პროექტების მაგალითზე, საიამ ბათუმის მერიის მიერ განუხორციელებელ პროექტებზე გახარჯული 3,533,364 ლარი დაითვალა.
• ბათუმის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში განხორციელებული ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის“ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დაკავშირებული იყო შესასრულებელ სამუშაოებსა და მომსახურებასთან, მთელ რიგ შემთხვევებში არ ეფუძნებოდა ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას.
• 2009-2013 წლების პროგრამაში შეტანილი არც ერთი ცვლილება არ მოიცავს ინფორმაციას და დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რა გარემოებებით იყო განპირობებული ამა თუ იმ წლის პროგრამაში ცვლილებების შეტანა. 2009-2013 წლების პროგრამის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში პროგრამაში შეტანილი ცვლილებები, სავარაუდოდ, სპონტანურ ხასიათს უფრო ატარებდა, ვიდრე ობიექტურ გათვლებზე დაფუძნებულ აუცილებლობას.
• ანგარიშში მოცემული მასალების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ იმ ფონზე, როდესაც ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში არაერთი პროექტი დაფინანსდა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საბოლოოდ არ განხორციელებულა, დაფინანსებული პროექტების პარალელურად ბათუმში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა განადგურდა და/ან მნიშვნელოვნად იცვალა სახე.
საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც, ერთი მხრივ, ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ დღემდე მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, საიას მიერ ანგარიშის მომზადების დროს არაერთი პრობლემური საკითხი იქნა გამოვლენილი, ბათუმის 2009-2013 წლების „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა” აუცილებლად უნდა გახდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების დაინტერესებისა და კომპლექსური შესწავლის საგანი.