საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს. საიამ ამ კანონპროექტის ორ მუხლთან დაკავშირებით წარადგინა თავისი წერილობითი მოსაზრება.
პირველი ნორმა, რასაც საიას დასკვნა ეხება, არის სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლი. ეს ნორმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ადგენდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნისათვის. პარლამენტში განსახილველ კანონპროექტში სიტყვა ,,მთვრალი” ამოღებულია და დარჩენილია ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა. საიას მიაჩნია, რომ როგორც 1984 წლის რედაქცია, ასევე ის კანონპროექტი, რასაც პარლამენტი განიხილავს, ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, სადაც კანონი უნდა იძლეოდეს ნათელ, განჭვრეტად პასუხს იმაზე, თუ რა ქმედება არის აკრძალული ან ნებადართული. 171-ე მუხლის როგორც არსებული, ასევე შემოთავაზებული რედაქცია მსგავს პასუხს არ იძლევა. ეს ნორმა საკმაოდ დიდ თავისუფლებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, თავად გადაწყვიტონ, რა ქმედება ითვლება ამორალურად და ამის საფუძველზე იძულებითი ღონისძიებები გამოიყენონ პირის მიმართ. იმ ვითარებაში, როდესაც მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება, ლანძღვა-გინება და სხვა მსგავსი ქმედებები ისედაც წარმოადგენენ სამართალდარღვევას, კანონში ბუნდოვანი ჩანაწერების დატოვება არ იქნება გამართლებული ქმედება.