სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული გასაუბრების პროცესის პირველადი შეფასება განახორციელა

2015-02-02 10:18
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ატესტაციებისა და კონკურსების მიმდინარე გასაუბრების ეტაპის დაკვირდება  განახორციელა. 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საია მისი წარმომადგენლების მეშვეობით ცხრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმართულ გასაუბრების ეტაპს დააკვირდა. (1)

დაკვირვების მიზანს გასაუბრების პროცესის საჯაროობის, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ატესტაციებსა და კონკურსებში მონაწილე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
 
საიას წარმომადგენლები უშუალოდ ესწრებოდნენ გასაუბრების პროცესს, სწავლობდნენ და აფასებდნენ გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობას.
 
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოავლინეს ჩვენი დამკვირვებლის სტატუსით მიმდინარე პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. კომისიებმა თანხმობა განაცხადეს დავსწრებოდით მხოლოდ გასაუბრების პროცესს, ხოლო მონაწილე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესს არ დაგვასწრეს. ზოგიერთმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ  საერთოდ უარი გვითხრა და არ მოგვცა გასაუბრებაზე დასწრების შესაძლებლობა.
 
საკონკურსო-საატესტაციო კომისიების აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა ჩვენთვის, რათა განგვეხორციელებინა პროცესის სრულყოფილი დაკვირვება და მთლიანობაში შეგვეფასებინა გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მუშაობა.
 
გასაუბრების პროცესის დადებით მხარედ უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ საიას წარმომადგენელთა ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები მიუკერძოებლები იყნენ და კონსტრუქციულ და პროფესიულ მიდგომას იჩენდნენ კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ.
 
დაკვირვების შედეგად, ხარვეზები ძირითადად დაფიქსირდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე კონკურსის გასაუბრების პროცესზე. საიას წარმომადგენელთა ინფორმაციით მონაწილე პირებს უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელიც შეეხებოდა მონაწილე პირების ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობას და არ იყო პირდაპირ კავშირში მათ პროფესიულ გამოცდილებასა თუ უნარ-ჩვევებთან. ხარვეზები დაფიქსირდა ასევე ბათუმის მერიის მოხელეთა გასაუბრებისას კომისიის მუშაობის ორგანიზებულობასთან  და პროცესისადმი საქმიან მიდგომასთან დაკავშირებით, ხოლო ქალაქ გორის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკონკურსო - საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში  წევრის სახით წარმოდგენილ იყვნენ ამავე მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის თანამშრომლები, რაც ბადებს ლოგიკურ კითხვებს ერთის მხრივ, რეგიონის დონეზე ასეთი მაღალი თანამდებობის პირების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკადრო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობისა და მეორეს მხრივ, მუნიციპალიტეტების დონეზე საჯარო მოხელეთა შერჩევაში ასეთი მონაწილეობის აუცილებელი საჭიროების შესახებ. საიას წარმომადგენლებმა გარკვეული ხარვეზები დააფიქსირეს ქალაქ ოზურგეთის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობაშიც.
 
ატესტაციებისა და კონკურსების გასაუბრებაზე დაკვირვების შედეგად, საიამ შეიმუშავა  რამდენიმე რეკომენდაცია,  რომელიც ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს გასაუბრების პროცესისა და ზოგადად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობის ეფექტურობის ზრდას. ეს რეკომენდაციები ეხება კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის გაუმჯობესებას, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დაკომპლექტებას, ასევე კონკურსისა და ატესტაციის პროცესის დაკვირვების სტანდარტსა და წესს.
 
დაწვრილებითი ინფორმაცია გასაუბრების ეტაპის პირველადი შეფასების შესახებ იხილეთ თანდართულ ანგარიშში: 
 
 

საიას წარმომადგენლები ქალაქ თბილისსა და ქუთაისში საჯარო მოხელეთა ატესტაციის გასაუბრებას, ასევე ქალაქ ქუთაისის, ბათუმის, გორის, ასევე ჩოხატაურის, დუშეთის,  გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე კონკურსების გასაუბრებას დააკვირდნენ.