წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანგარიში ფარავს 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. მასში მოცემულია ანალიზი გამოვლენილ დარღვევებზე ან ისეთ ქმედებებზე, რომელიც თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ცუდი პრაქტიკაა.
საიას დამკვირვებლებმა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან დააფიქსირეს:
- სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 5 შემთხვევა (მათ შორის, COVID-19-ის შედეგების აღმოფხვრის ანტიკრიზისული გეგმა);
- ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო მოსყიდვის 5 შემთხვევა;
- ძალადობრივი ქმედებების, დაძაბული არჩევნებისწინა გარემოს შექმნისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლის 6 შემთხვევა.
განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიით გამოწვეული კრიზის დასაძლევად გადადმული ნაბიჯები, რაც რიგ შემთხვევებში, კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შეზღუდვების ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარ აქტივობებში საჯარო რესურსი გამოიყენა.
გასული წლების მსგავსად, ამჯერადაც დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან („ლელო“ და „პატრიოტთა ალიანსი“).
წინა არჩევნების მსგავსად, საიას სადამკვირვებლო მისიისთვის ძალადობრივი ქმედებისა და არჩევნებისწინა პერიოდში დაძაბული გარემოს შექმნის რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი. მაგალითად, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს („ლელო“, „მოძრაობა ხალხისთვის“) არ მიეცათ არჩევნებისწინა აქტივობების გამართვის საშუალება, რამაც ისედაც დაძაბული გარემო, კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა.
სხვა ფაქტები შეეხებოდა ისეთ შემოწირულებას, რომლის კანონიერებაზეც კითხვები არსებობს, ასევე, პარტიის რეგისტრაციას, არჩევნებით მანიპულირებას, პარტიების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას.
საია აგრძელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და უზრუნველყოფს მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით.
ანგარიში მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია საია და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას.
შუალედური ანგარიშის სრული ვერსია იხ. თანდართულ ფაილში.