სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

2014-03-21 07:38
Featured image
2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარადაცვალების დღესვე საზოგადოებაში მთელი რიგი კითხვები გამოძიების ოფიციალურ ვერსიასთან (უბედური შემთხვევა, გაზით გაგუდვა) დაკავშირებით გაჩნდა, რაზეც სამართალდამცავ ორგანოებს ამ დრომდე არ გაუციათ კომპეტენტური და დამაჯერებელი პასუხები. საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით აუცილებლად მიგვაჩნია გამოძიება მაღალ პროფესიულ დონეზე, ობიექტურად და ამ საქმის პოლიტიზირების, პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირების, გამოძიების უახლოეს დღეებში დასრულების მრავალჯერადად დაანონსების გარეშე წარიმართოს. ეს აუცილებელია, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები.
 
წინამდებარე განცხადებით გვსურს ბოლო დღეების განმავლობაში ამ საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილოთ ყურადღება და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ სისხლის სამართლის საქმისადმი პროფესიული მიდგომის აუცილებლობას:
 
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 20 მარტს მთავრობის სხდომაზე გააკეთა შემდეგი განცხადება: ,,ზურაბ ჟვანიას თავის არეში აღენიშნება, შეუიარაღებელი თვალით, სერიოზული დაზიანებები, რაც ჩემი ინფორმაციით, რაც მე ინფორმაცია მომაწოდეს, ეს იყო სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები". პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურა მოლაპარაკებას აწარმოებს საერთაშორისო-საექსპერტო ბიუროებთან, რათა მოხდეს გვამების ექსჰუმაცია.
 
ჩნდება კითხვა: თუ თავად გამოძიება თვლის, რომ საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით გვამების ექსჰუმაციაა აუცილებელი, ანუ ამ ეტაპამდე არ არსებობს სათანადოდ კომპეტენტური პასუხები გამოძიების წინაშე დასმულ კითხვებზე,  საინტერესოა  რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს პრემიერ-მინისტრი, რომ ,,ეს იყო სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები"? ვინ მიაწოდა მას ეს ინფორმაცია? და თუ ეს ინფორმაცია, გამოძიების ოფიციალური ვერსიაა, ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე რატომ არ გააკეთა თავად გამოძიებამ?
 
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, პერიოდულად ისმენს მთავარი პროკურორის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ასევე არ არის გათვალისწინებული პრემიერ-მინისტრისათვის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ, ვფიქრობთ, საინტერესოა და საზოგადოებას უნდა მიეცეს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიეწოდა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით.
 
2. პროკურატურის ოფიციალური ვერსიის თანახმად, უცნობი პირის მიერ გავრცელებული ფოტოები, არის ის მასალა, რაც 2012 წლის შემდეგ აღმოჩენილ იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელევას სეიფში. თუ ეს ფოტოები ავთენტურია და მათზე მართლაც არის აღბეჭდილი ის დაზიანებები, რაც წლების წინ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ასახული, ცხადია, ჩნდება დამატებითი კითხვები როგორც ექსპერტების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი წარმომადგენლების მიმართ. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ პროკურატურას ლ.ჩაჩუას მიმართ გაუჩნდა კითხვები და ამ მიმართულებით გამოძიება დაიწყო. თუმცა, საინტერესოა, კონკრეტულად როდის დაიწყო გამოძება, დაუდგენელი პირის მიერ აღნიშნული ფოტოების ინტერნეტში განთავსების შემდეგ თუ მანამდე? ასევე, გაუგებარი რჩება რატომ დასჭირდა პროკურატურას ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე 1 წელზე მეტი დრო იმის გასარკვევად, რომ 2012 წელს ყოფილი მთავარი პროკურორის სეიფში აღმოჩენილი მასალა ექსპერტიზის დასკვნაში ასახული არ იყო?
 
3. პროკურატურამ ლ.სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, ლევან ჩაჩუას და ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრს, მიხეილ ძაძამიას, ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. გაჩნდა მოსაზრება, რომ გასულია დანაშაულის გამოძიების კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. ამასთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი:
 
2005 წელს (ანუ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს) აღნიშნული დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადა იყო 6 წელი. თუმცა, 2006 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადა 6-დან 15 წლამდე გაიზარდა. ვინაიდან ქმედების სავარაუდოდ ჩადენიდან კანონის შეცვლამდე გასული იყო ერთი და არა ექვსი წელი სრულად, ბრალდებულების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ანუ ხანდაზმულობის ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნულ მიდგომას მხარს უჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც 2009 წლის 13 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: ,,როცა კანონმდებელი ისე ზრდის ხანდაზმულობის ვადებს, როდესაც ჯერ არ ამოწურულა ძველი კანონით დადგენილი ხანდაზმულობა, ეს შემთხვევა არ შეიძლება მივიჩნიოთ კონსტიტუციის დარღვევად. იგი არ მოდის წინააღმდეგობაში კანონის უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპთან და შესაბამისად, არც სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის ფარგლებში არ მოიაზრება. მართალია, ამ შემთხვევაშიც პირის უფლებრივი სფერო განიცდის გარკვეულ უარყოფით ზემოქმედებას იმით, რომ მის მიმართ ხანგრძლივდება სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ ეს ნორმატიული სინამდვილე მართლდება სამართლებრივი უსაფრთხოების ინტერესებით.“
   
4. მიუხედავად იმის, თუ რომელი ხელისუფლების დროს გახდა ხელმისაწვდომი დაუდგენელი პირისთვის ინტერნეტში გავრცელებული კადრები, ფაქტი ერთია: სამართალდამცავი ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ასეთი მნიშვნელობის მქონე საქმეზე მასალების სათანადოდ შენახვა. ეს გარემოება გამოძიებას საჭიროებს. 
 
5. მთავარ პროკურატურაში 20 მარტს, 24 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ გვამს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები და რომ ,,საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება". თუ გავითვალისწინებთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო ექსპერტიზის ბიუროებთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ექპერტიზა ამ დრომდე ჩატარებული არ არის.  ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ გასარკვევია, რის საფუძველზე დაადგინა გამოძიებამ გვამზე სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების არსებობა. ცხადია, ამ გარემოების დადგენა სცდება იურისტის კომპეტენციას და სპეციალურ, ექსპერტულ ცოდნას მოითხოვს, ხოლო თუ ექსპერტიზა ჩატარებული არ არის, ინტერესს იწვევს თუ როგორ დაადგინა პროკურატურამ ეს გარემოება.
 
 6. გამოძიებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში, გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ჟურნალისტების, დაცვის მხარის, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა დაინტერესებულ პირთა მხრიდან დაისმება არაერთი კითხვა. ამ კითხვებს სჭირდებათ კვალიფიციური, მაღალპროფესიული პასუხები, რათა არასათანადო პასუხებმა ახალი კითხვები არ გააჩინოს. თუ გამოძოიების შემდეგ კვლავ დარჩა რაიმე ეჭვი, ეს დააზარალებს გამოძოების ინტერესებს და ხელს შეუშლის კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის დადგომას. ზოგადად, ნებისმიერ საქმეზე არსებობს რისკი, რომ არაეფექტური და არაპროფესიული გამოძიება აღმოჩნდეს კონტრპროდუქტიული. მოცემულ შემთხვევაში, ცხადია, ჩვენ ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მაგრამ, თუ დანაშაული ვინმემ მართლაც ჩაიდინა, და ეს გამოძიებამ ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით, საზოგადოების კითხვები შესაძლებელია დარჩეს კითხვებად, ხოლო სავარაუდო დამნაშავე - დაუსჯელად. საქართველოს კონსტიტუციის მე-40-ე მუხლის თანახმად ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ." კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ნათლად უსვამს ხაზს თუ რა მნიშვნელობა აქვს გამოძოების სათანადოდ წარმოებას, უტყუარი მტკიცებულებების მოძიებას და ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვას.
 
დასასრულს გვსურს აღვნიშნოთ, რომ საია დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ,,საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში" და მოუწოდებს პროკურატურას გამოიყენოს ყველა ძალისხმევა, რომ აღნიშნული საქმე დროულად, ეფექტურად და მაღალ პროფესიულ დონეზე იქნეს გამოძიებული.