საია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, რა დროსაც მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, შეხვედრაზე მისულ საქართველოს პრეზიდენტს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრონ, არ ეძლევათ მოსაზრებების გამოთქმის საშუალება და უფრო მეტიც, ხდებიან სხვადასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლნი. ამ საკითხთან დაკავშირებით, 2012 წლის 25 ივლისს საიამ პრესკონფერენცია გამართა.
გუშინ, 24 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. შეხვედრაზე დასასწრებად მისული იყო ამავე სოფლის მკვიდრი, როზა წყაბელიაც, რომელსაც არ მიეცა საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემის შესაძლებლობა და გახდა დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პრეზიდენტთან შესახვედრად მისული და სხვადასხვა პრობლემებზე საუბრის მსურველი მოქალაქეების მიმართ ძალადობის პირველი შემთხვევა. ამა წლის 16 ივნისს ანაკლიაში პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისული 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ. 2011 წლის 26 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, პრეზიდენტისათვის წერილის გადაცემის მსურველი 53 წლის ლამზირა ყორჩიშვილი, მისივე განმარტებით, შეხვედრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს.
ქალბატონ როზა წყაბელიას სურდა, საკუთარი გასაჭირის შესახებ მოეთხრო პრეზიდენტისათვის. პრეზიდენტთან შეხვედრამდე ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, რა დროსაც მასთან უცნობი პირები მივიდნენ, არ მისცეს ინტერვიუს დასრულების საშუალება და იძულების წესით გაათრიეს შემთხვევის ადგილიდან. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს დაწყებამდეც იყო წყაბელიას შემთხვევის ადგილიდან გარიდების მცდელობა. კერძოდ, smsportal.ge-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში (00:13 წუთიდან) კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება მას 3 მამაკაცი, რომლებსაც, მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ, მისი გაყვანა სურთ. ამ სამი მამაკაციდან ერთ-ერთი პოლიციელია, რასაც მისი ჩაცმულობაც მოწმობს. უკვე ინტერვიუს მიცემის პროცესში, ქალბატონ როზას მიუახლოვდა 3 მამაკაციდან ერთ-ერთი, თეთრ მაისურში ჩაცმული პიროვნება, რომელმაც ის იძულების წესით მოაშორა კამერებს, ძალის გამოყენებით აკავებდა და მიათრევდა. რამდენიმე წამში თეთრმაისურიან მამაკაცს შავებში ჩაცმული პირიც მიეშველა. მათ მოქალაქე წყაბელია შემთხვევის ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. იმავდროულად, for.ge-ს მიერ გავრცელებულ კადრებში, 2 მოძალადის მიერ მოქალაქის იძულების წესით გაყვანის ფონზე ჩანს პოლიციელი, რომელიც დანაშაულზე კი არ ახდენს რეაგირებას, არამედ კამერას უშლის ხელს გადაღებაში (02:00 წუთიდან).
მოგვიანებით info9.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქალბატონი წყაბელია სრულად ყვება იმ ძალადობის შესახებ, რაც თავს გადახდა. ის ამბობს, რომ 4-მა პირმა, რომელთაგან 2-ს პირადად იცნობს და დანარჩენი 2-ის ამოცნობაც შეუძლია, იგი ძალის გამოყენებით წაიყვანა და ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის სარდაფში შეაგდო. სარდაფში მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია მივიდა, რომელმაც, წყაბელიას მხრიდან თვითმკვლელობის მუქარის შემდეგ, მოძალადეებს მის გაშვებისკენ მიუთითა. წყაბელიასთან მივიდა ადგილობრივი პოლიციის უფროსი ქირიაც, რომელმაც, წყაბელიას მონაყოლით, მოტყუებით გაიყვანა ის გარეთ, სადაც შეუკრეს ხელ-ფეხი და სახლში მიიყვანეს. დაზარალებული წყაბელია იხსენებს უბნის რწმუნებულსაც, რომელიც მას ეჩხუბა და ფული შესთავაზა. წყაბელია ფულის აღებაზე უარს ამბობს.
აღნიშნული ძალადობა განხორციელდა კამერების წინ და მისი ამსახველი მდიდარი ვიდეომასალა მედიითაა გავრცელებული. წყაბელიას მონათხრობიდან ერთდროულად რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება, რომელშიც რამდენიმე პირი, მათ შორის, საჯარო მოხელეები მონაწილეობენ. სავარაუდოდ, იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები:
- 153-ე მუხლი (სიტყვის თავისუფლების ხელყოფა);
- 143-ე მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა);
- 125-ე მუხლი (ცემა);
- 342-ე მუხლი (სამსახურებრივი გულგრილობა);
- 372-ე მუხლი (ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე).
აღნიშნული ჩამონათვალი, რასაკვირველია, სრულყოფილი არ არის და უნდა დაზუსტდეს გამოძიების განმავლობაში.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია როზა წყაბელიას მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებში საჯარო მოსამსახურეებისა და თანამდებობის პირების მონაწილეობა. ქალბატონი წყაბელია ინციდენტის აღწერისას ასახელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას, ადგილობრივი პოლიციის უფროსს ქირიას და უბნის რწმუნებულს. დაზარალებულის მონათხრობიდან იკვეთება, რომ აღნიშნული პირები უშუალოდ მონაწილეობენ დანაშაულში, რა დროსაც აძლევენ მითითებებს დანარჩენ პირებს და კოორდინირებულ ქმედებებს ეწევიან. ჩვენთვის უცნობია, უშუალოდ ინტერვიუს მიცემის დროს ჩადენილ ძალადობაში მონაწილე პირები არიან თუ არა პოლიციის წარმომადგენლები, მაგრამ შემთხვევის ადგილას პოლიციელების ყოფნა ადასტურებს, რომ, სულ მცირე, ისინი ადგილობრივი პოლიციის თანხმობით მოქმედებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკიდურესად ცენტრალიზებული სისტემაა, ჩნდება ეჭვები ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების ქმედებების პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეთანხმების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საქმე საჭიროებს დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას. იმავდროულად, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გუშინ სოფელ ცაიშში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ 2 პირი დააკავა, რომელთაც 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან გაათავისუფლა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს.
მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირება არ არის საკმარისი და არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. გარდა ამისა, გამოძიების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარმართვისათვის, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უნდა აწარმოოს არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ საქართველოს პროკურატურამ. ამასთან, როგორც ცნობილია, შსს-ს მინისტრის ბაჩანა ახალაიას მამა როლანდ ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორია. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა განახორციელოს არა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ, არამედ პროკურატურის ისეთმა მიუკერძოებელმა სტრუქტურულმა ერთეულმა, რომელსაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია. იმავდროულად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ როზა წყაბელიას უსაფრთხოების დაცვა გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში. ასევე, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ პრეზიდენტთან შესახვედრად მისული სხვა მოქალაქეების (აბულაძე, ყორჩიშვილი) მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტები.