საია ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს აპროტესტებს
2009-11-27 15:50
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 2009 წლის 25 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარატამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის – თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ მუქარას მისი სექსუალური ორიენტაციის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელების შესახებ.
საქართველოს კონტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ხელშეუხებელია “ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი”.
კონსტიტუციით დაცული პირადი ცხოვრების და პირადი საიდუმლოების დამატებითი დაცვის გარანტიებს ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 43-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რომლის თანახმად:
“საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ დაუშვას საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან.”
ამასთან, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად `პოლიციელს უფლება აქვს დაარღვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს აბსოლუტური აუცილებლობა, ხორციელდება კანონის შესაბამისად და მიმართულია კანონიერი მიზნის მისაღწევად~.
საიას შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ უგულებელყოფას, კერძოდ კი – იძულებას, ასევე, სახეზეა სამოხელეო დანაშაული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შსს გენერალურ ინსპექციას და მოითხოვს დაუყოვნებლივ იქნეს დაწყებული გამოძიებიება 25 ნოემბერს მომხდარი ფაქტზე და დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა შესაბამის პირს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტის დაცვას ახორციელებს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მეშვეობით.