საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არაერთხელ გამოეხმაურა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მოხელეების გათავისუფლებების საკითხს. გამოითქვა მოსაზრებები, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე ატესტაციის პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომლების/კანდიდატების განსხვავებას და დისკრიმინაციული საფუძვლით გადაწყვეტილების მიღებას. საიას სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით არაერთხელ ხაზგასმით აღუნიშნავს თუ რა მნიშვნელობა აქვს საჯარო სამსახურში ისეთი პრინციპების განუხრელად დაცვას, როგორიცაა კანონის უზენაესობა, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა, საჯარო სამსახურის უპარტიობა და საერო ხასიათი, კადრების სტაბილურობა და ა.შ.
2014 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, სადაც ერთის მხრივ გაანალიზებულია იმ მანკიერი პრაქტიკის თავისებურებები, რითაც საჯარო სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლება ხასიათდება, ხოლო მეორეს მხრივ შემოთავაზებულია მაღალი თანამდებობის პირის თუ რიგითი მოსამსახურის ქცევის ის სტანდარტები, რომლთა დაცვაც თვისობრივად მაღალ საფეხურზე აიყვანს საჯარო სამსახურს.
ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო მოქალაქე ნინო მაისურაძის საქმეზე, რომელსაც საიას გორის ოფისი უწევდა საადვოკატო დახმარებას. ნ.მაისურაძე ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, ფცის ტერიტორიული ორგანოდან, 2013 წლის 8 იანვარს იმ დროს გათავისუფლდა, როდესაც ორსულობის გამო დეკრეტულ შვებულებაში აპირებდა გასვლას. ნინო მაისურაძეს დააწერინეს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ იმ მოტივით, რომ ახალი გამგებელი მას თანამდებობაზე ხელახლა დანიშნავდა, ხოლო შემდეგ კი უარი უთხრეს დანიშვნაზე. ამ საქმეში იკვეთებოდა ბევრი ისეთი გარემოება, რაც ქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ნ. მაისურაძის მიერ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი და 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინება.
უზენაესმა სასამართლომ, სხვა ძალიან მინიშვნელოვან განმარტებებთან ერთად, განაცხადა: ,,განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია საჯარო მოსამსახურეთა პირადი სურვილით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებათა დაწერის მასშტაბური ტენდენცია. საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ცვლილებას საქართველოს პირობებში თან სდევს დაწესებულების საჯარო მოსამსახურის მხრიდან მასიურად გამოვლენილი ნება გათავისუფლების შესახებ [...] სასამართლო დავების განხილვისას საჯარო მოხელეები აცხადებდნენ, რომ განცხადებები მოტყუიებით, იძულებით, მუქარით, სამსახურში ხელახლა დანიშვნის დაპირებით დაწერეს. საკასაციო სასამართლო ამგვარი პრეცედენტების მიზეზების კვლევისას ასკვნის, რომ პრობლემა სამართალურთიერთობის ორივე მონაწილის, ერთი მხრივ, ხელმძღვანელის და მეორე მხრივ, საჯარო მოსამსახურის საკუთარი სტატუსის სრული გაუცნობიერებლობისა და უპატივცემულობის, კანონისმიერი ჩარჩოს დაუმორჩილებლობისა და უგულებელყოფის, პროფესიული თავმოყვარეობისა და ადამიანური ღირსების დეფიციტის შედეგია“.
უზენაესი სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,საჯარო სამსახურის ფუნქციონირების პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დაძლეული ნეპოტიზმი, თანამდებობათა ვიწრო პარტიული და კორუფციული მიზნებისათვის გამოყენება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ხელმძღვანელი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას წარმოადგენს კანონშესაბამისი, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის, მაღალკვალიფიციული და მაღალზნეობრივი, საზოგადოებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ღირებულებებით გაჟღენთილი სამუშაო გარემოს შექმნა. [...] საჯარო სამსახურის დაწესებულების ხელმძღვანელსა და საჯარო მოხელეს შორის ურთიერთობა, რასაკვირველია, სუბორდინაციულ ხასიათს ატარებს, თუმცა აღნიშნული არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იქნეს გაგებული ერთგვარი ,,პატრონყმური“ ურთიერთობის შემცველად (რის პრეცენდენტებიც არც თუ იშვიათია), საჯარო მოხელის როლის უბრალო ,,მორჩილი შემსრულებლის“ სტატუსამდე დაყვანად, რაც საჯარო მოხელეს შემოქმედებითი პროფესიული საქმიანობიდან მექანიკურ დასაქმებულ პირამდე აქცევს, ეს კი მის დემორალიზაციას იწვევს და აღარ გააჩნია თვითგანვითარებისა და ერის მსახურებისათვის საკმარისი მოტივაცია.“.
საია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშულ გადაწყვეტილების სრულ ვერსიას გაუგზავნის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. საია ამით მოუწოდებს ყველა საჯარო მოსამსახურეს და განსაკუთრებით ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს, მათი საქმიანობის ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სწორი და ღირებული მიდგომები მითითებულ პრობლემურ საკითხებზე.