საია წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილე საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობას ითხოვს
2010-05-21 10:11
2010 წლის 16 აპრილს, კინოთეატრის “ოზურგეთი” დარბაზში პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივ ახალგაზრდებთან მოაწყო შეხვედრა, რომელზეც გაკეთდა წინასაარჩევნო დაპირებები. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ვალერიან ჩიტაიშვილი და საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში იკრძალება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეების მონაწილეობა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საქართველოს საგზაო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მითითებულ დროს ვალერიან ჩიტაიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი არ სარგებლობდნენ კუთვნილი შვებულებით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ზემოაღნიშნულმა მოხელეებმა დაარღვიეს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნა და უკანონოდ მიიღეს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და ისჯება ჯარიმით 1500 ლარის ოდენობით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებით მიმართავს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვს დამრღვევ საჯარო მოხელეთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.