სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია თბილისის მერს ღია წერილით მიმართავს

2013-03-21 06:14
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, მიმდინარე წლის  11 თებერვალს თბილისის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. განცხადების მიხედვით, საია ითხოვდა ინფორმაციას თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი იურიდიული პირისთვის - ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა“ და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდისთვის“, 2005 წლიდან - 2011 წლის 5 ივლისამდე ჯამში  367 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე. კერძოდ, თბილისის მერიას უნდა გაეცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ:

1. რა ოდენობის თანხა გაიხარჯა - ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ, ქ. თბილისში აღდგენილ და რეაბილიტირებულ თითოეულ ობიექტზე ცალ-ცალკე; 

2. უშუალოდ რომელი კომპანიები ასრულებდნენ სამუშაოებს ფონდების მიერ, აღდგენილ და რეაბილიტირებულ თითოეულ ობიექტზე ცალ-ცალკე;
3. ვის მიერ და რა ფორმით ხდებოდა, თითოეული ობიექტის აღდგენა და რეაბილიტირების მიზნით შემსრულებელი კომპანიების შერჩევა.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი იქნა  კორესპონდენცია, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიის პოზიციით, მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას - ააიპ თბილისის განვითარების ფონდისთვის უნდა მიემართა შემდეგ მისამართზე: - თბილისი, აღმაშენებლის გამზირი #65, ოფისი #1.
 
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მერია უშუალოდ იყო ვალდებული  განცხადება თბილისის განვითარების ფონდში გადაეგზავნა, საიამ გაითვალისწინა თბილისის მერიის  „რჩევა“  და 2013 წლის 11 მარტს მართლაც მიმართა წერილობით თბილისის განვითარების ფონდს და საფოსტო გზავნილი მერიის მიერ მითითებული მისამართზე (თბილისი, აღმაშენებლის გამზირი #65, ოფისი #1) გაგზავნა. თუმცა, მიმდინარე წლის 12 მარტს საფოსტო გზავნილი უკან იქნა დაბრუნებული იმ მოტივით, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ირიცხებოდა. 
 
მიგვაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც საუბარია კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხული ასეულობით  მილიონი ლარის გაუმჭვირვალედ ხარჯვაზე და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია ფონდების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ,  თბილისის მერიაში წარდგენილი  ანგარიშები (მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების გაცემის ვალდებულება თბილისის მერიას სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული), მერიის მიერ თბილისის განვითარების ფონდის მისამართის არასწორი მითითება, მიუღებელია და კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. 
 
შესაბამისად, გთხოვთ, თავად უზრუნველყოთ,  ერთის მხრივ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, მიმდინარე წლის  11 თებერვალს თბილისის მერიაში წარმოდგენილი განცხადებით  მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, ხოლო მეორეს მხრივ მოგვაწოდოთ ააიპ თბილისის განვითარების ფონდის ის მისამართი სადაც ფაქტობრივად არის ფონდი განთავსებული.