სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია თბილისის მერიის განცხადებას პასუხობს

2012-12-29 01:40
Featured image
საიას პრესკონფერენციის პასუხად, თბილისის მერიის მიერ, თბილისის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების შემდეგ, საკითხის ირგვლივ მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას დამატებით  მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისის მერიის განცხადებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 
 
საია არ იზიარებს თბილიის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებას და მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის მხრიდან ადგილი აქვს სახელმწიფო შესყიდვის ტერმინის არასწორ ინტეპრეტირებას, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ასეთ შესყიდვად მიჩნეულია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა განხორციელებული, როგორც სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის, ისე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით. ამდენად, როცა საუბარია სახელმწიფო შესყიდვაზე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი, არამედ შესყიდვის პროცესში გამოყენებული სახსრების წარმომავლობა. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ უფლებამოსილებებზე, რომელსაც კონკრეტული სტატუსის მქონე პირი ახორციელებს. 
 
შესაბამისად, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ  თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებს, თბილისის ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის თანხები გადაეცემოდათ, აღნიშნული ფონდების მიერ განხორციელებული შესყიდვები თავისუფლად ექცევა, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის რეგულირების ქვეშ. გვსურს აქვე დავამატოთ ისიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თბილისის ბიუჯეტიდან ფონდებისთვის გადაცემულ თანხებზე არ გავრცელდებოდა კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია, ამ მოცულობის საბიუჯეტო სახსრების შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით ხარჯვა. 
 
საყურადღებოა, რომ თბილისის მერიის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული ფონდების მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი არ არის საკმარისი და აუცილებელია განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ საზოგადოებას მიაწოდოს ასევე ინფორმაცია, იმის შესახებ თუ:
რა ოდენობის თანხა გაიხარჯა ფონდების მიერ განხორციელებულ თითოეულ პროექტზე ცალ-ცალკე;
რომელი კომპანიები ასრულებდნენ სამუშოებს თითოეულ  პროექტთან დაკავშირებით;
როგორ, რა ფორმით და რამდენად გამჭვირვალედ ხდებოდა თითოეული პროექტის განხორციელებისას შესაბამისი შემსრულებელი კომპანიების შერჩევა.
 
გვსურს ასევე გამოვეხმაუროთ თბილისის მერიის პოზიციას, რომლის მიხედვითაც თითქოს - საია-ს მიერ გაკეთებული დასკვნები შესაძლო კორუფციული სქემების გამოყენების შესახებ, არასერიოზული და ძალიან ზედაპირულია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იმ ფონზე როდესაც, ერთი მხრივ წლების განმავლობაში თბილისის რეაბილიტაციის პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა და საიას არაერთი მცდელობა, თბილისის მერიიდან მიეღო სრული და ამომწურავი ინფორმაცია ქალაქის მასშტაბით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ვერ იქნა მიღწეული. ხოლო მეორეს მხრივ ის გარემოება, რომ თბილისის მერია დღემდე არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ 2005-2011 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშების გაცემა დაევალა, როგორც მინიმუმ უფლება გვაქვს, დავსვათ კონკრეტული კითხვები და გამოვთქვათ შესაბამისი მოსაზრებები.