სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ფარგლებში ვიტალი გუგუჩიას სასამართლო სხდომებს დააკვირდება

2024-09-23 21:37
Featured image

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს (იხ. ასევე, 13 სექტემბრის განცხადება).  სხვა საქმეებს შორის, საია, ასევე, აკვირდება ვიტალი გუგუჩიას სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ბრალი წარუდგინა  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობს მუხლით. 24 სექტემბერს 13:00 საათზე ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში  ჩანიშნულია ვიტალი გუგუჩიას წინასასამართლო სხდომა, რა ეტაპზეც სასამართლო ძირითადად მტკიცებულებების დასაშვებობისა და საქმის არსებითად განხილვისათვის გადაცემის საკითხზე იმსჯელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ვიტალი გუგუჩიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 6 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით  5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორთან დაკავშირებული ინციდენტის გამო.  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - პოსტვ საქართველოს 52% წილის მფლობელია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე. აღნიშნულს წინ უძღვოდა  ვიტალი გუგუჩიას მხრიდან მასთან  მაღაზიაში მისული ვიქტორ ჯაფარიძის კრიტიკა „რუსული კანონის“ მხარდაჭერის გამო. საჯარო წყაროების მიხედვით, გუგუჩია რუსული კანონის მოწინააღმდეგე ერთ-ერთი აქტივისტია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააკვირდება აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომებს და საზოგადოების ინფორმირებას მოახდენს სხდომებზე გამოვლენილი მიგნებების შესახებ. 

საია 2011 წლიდან წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიისა და კითხვარების გამოყენებით ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს, ამ დრომდე ორგანიზაციამ მოამზადა  სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 18 ანგარიში, გამოსცა 2 სპეციალური ანგარიში, და, ასევე, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის სახელმძღვანელო.  მონიტორინგის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, სისხლის სამართლის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე  სისხლის სამართლის საქმეებზე საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.  

 

-------------

 საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის (‘სსკ’) 154-ე მუხლის 1-ლი და სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით.

 სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, პუბლიკა, 06.08.24, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/sasamartlom-vitali-guguchias-5-000-lariani-girao-sheufarda/  [განახლებულია: 23.09.24].

პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, საქართველოს პროკურატურის ვებგვერდი, 05.08.2024, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/VyA6h, [განახლებულია: 23.09.24].

4  თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, ხელმისაწვდომია: https://declaration.acb.gov.ge/Home/DownloadPdf/151350 , [განახლებულია: 23.09.24].

 მათ შორის, ვიტალი გუგუჩიამ და მისმა მეუღლემ ჯაფარიძეს უთხრეს რომ "ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან შვილებს მომავალი წაართვა“, იხ. „ვინც ფორთოხალს დაიმსახურებს, ფორთოხალს ვესვრი“- ვიქტორ ჯაფარიძე, ფორმულა, 29.05.24,   ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/112211 [განახლებულია: 23.09.24].

იხ. ფორმულა: აქტივისტი ვიტალი გუგუჩია ბრალდების წარსადგენად დაიბარეს, 05.06.2024, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/115186, [განახლებულია: 23.09.2024].