სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია შსს-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ პერსონალური მონაცემების უვადოდ შენახვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2015-01-15 12:36
Featured image
შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის #271-ე ბრძანების მე-15 მუხლის თანახმად, ნებისმიერი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკში ელექტრონული ფორმით ინახება უვადოდ. მინისტრის ბრძანება ერთმანეთისაგან არ განასხვავებს სხვადასხვა საშიშროების შემცველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და არ ითვალისწინებს უმნიშვნელო ხასიათის გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ წაშლის ვალდებულებას, მას შემდეგ რაც მოხდება დაკისრებული ჯარიმის გადახდა. მინისტრის ბრძანება ასევე არ აწესებს გონივრულ ვადას სხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ფორმით შესანახად. ბრძანება არ ითვალისწინებს პერიოდული გადასინჯვის მექანიზმს: განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამრღვევის გამოსწორების მიუხედავად, არ ევალება იმ საკითხის შესწავლა, რამდენად აუცილებელია პერსონალური მონაცემების შემდგომი შენახვა.
 
სახელმწიფოს მიერ ადამიანის პერსონალური მონაცემის სამუდამოდ შენახვა, თავისთავად წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას.ამასთან ერთად, 20-30 წლის წინ მომხდარი სამართალდარღვევა და ამის შესახებ ინფორმაციის შენახვა, შესაძლოა დაბრკოლება აღმოჩნდეს გარკვეული მოქალაქისათვის, დაიკავოს განსაზღვრული თანამდებობა საჯარო სამსახურში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლი ითხოვს, განსაზღვრული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების მსურველი პირისაგან, ისეთი ცნობის წარდგენას, რაც ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის არარსებობას ადასტურებს. ბუნებრივია, ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის წინ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იყვნენ მიცემული ნარკოტიკების მოხმარებისათვის, ვერ შესძლებენ მსგავსი ცნობის წარდგენას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
 
საიას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საინფორმაციო ბანკში ავტომატურად მუშავდება განურჩევლად ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მონაცემი და, იმავდროულად, არ არსებობს პერიოდული გადასინჯვის მექანიზმი, შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის #271-ე ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-16, მე-20 მუხლის პირველი პუნქტით და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ პირადი ცხოვრების უფლებასთან. ამის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნით საია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.