სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია შსს-ს 10 ოქტომბრის განცხადებას პასუხობს

2013-10-11 07:11
Featured image

2013 წლის 9 და 10 ოქტომბერს საიას მიერ გაკეთებულ იქნა განცხადებები მოქალაქეების - დავით კაპანაძისა და ლევან კორკოტაშვილის საქმეზე. დ.კაპანაძე მოინახულა საიას თავმჯდომარემ, ხოლო დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ ლ. კორკოტაშვილთან  საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი იმყოფებოდა. უშუალოდ ზემოთ მითითებულ მოქალაქეთა მიერ პირადად ჩვენი თანამშრომლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საიამ ზემოაღნიშნული განცხადებები გააკეთა, სადაც ითქვა, რომ ამ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავდა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო.

ლ. კორკოტაშვილის საქმეზე საიას განცხადების პასუხად 10 ოქტომბერს გავრცელდა შსს-ს ოფიციალური განცხადება, სადაც მიეთითა, რომ საიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია ,,სიმართლეს არ შეესაბამება". ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,კორკოტაშვილს 30 სექტემბერს აქვს გაკეთებული ოპერაცია ქვედა ყბის მოტეხილობის გამო და ჩაყენებული აქვს ყბის სამაგრი. ექიმების განცხადებით, მას შეუძლია ყბის სამაგრის თვითნებურად ამოგდება, ამჟამად ის ჯანმრთელია და მკურნალობას არ საჭიროებს". ამავე განცხადებაში აღინიშნა, რომ ,,მსგავსი განცხადებები მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისკენ და სწორედ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა".

გვსურს გამოვეხმაუროთ შსს-ს აღნიშნულ პოზიციას და განვაცხადოთ შემდეგი: 
 
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია მარტივი წესი, რომელსაც, სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოები, უკვე მერამდენედ, არ იცავენ: პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პროკურატურას და არა თავად შსს-ს. სამინისტროს განცხადებაში მითითებულია, რომ საიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ჩვენთვის გაუგებარი რჩება, რას ემყარება შსს-ს ეს კატეგორიული დასკვნა. შსს-ს გამოძიების უფლება მსგავსი ტიპის საქმეზე არ აქვს, ხოლო გამოძიების გარეშე ამ ფაქტების დადგენა შეუძლებელია. ამასთან, 10 ოქტომბერს საიას განცხადების გავრცელებიდან შსს-ს პასუხამდე სულ რამდენიმე საათი გავიდა და შსს-ს გამოძიების უფლება რომც ჰქონოდა, ამ ფაქტის ასე გადაჭრით, ასეთ მოკლე დროში დადგენა, სამართლებრივად და ფიზიკურად შეუძლებელია.
 
2. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებასა და მინისტრის ოფიციალურ სატელევიზიო კომენტარებში იმის წინასწარ აღნიშვნა, რომ პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის, წარმოადგენს ამ საქმეზე გამომძიებლებისათვის გაკეთებულ პირდაპირ გზავნილს იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა წავიდეს გამოძიება. თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომ მსგავსი ტიპის საქმეებზე (და შესაძლებელია სხვაზეც) არასოდეს ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ რომელიმე გამომძიებელს სამინისტროს ოფიციალური პოზიციისგან გადაეხვიოს, ცხადია, ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ალბათობა უკიდურესად მცირდება. დაუშვებელი და მიუღებელია გამოძიების შედეგის წინასწარი განსაზღვრა სამინისტროს ოფიციალური განცხადებებით ან მინისტრის სატელევიზიო კომენტარებით. მსგავსი განცხადებები, არსებული რეალობის გათვალისწინებით, აზრს დაუკარგავს გამოძიებას. უფრო მეტიც, ასეთი განცხადებები თავად ითავსებენ გამოძიების ფუნქციას, რადგან წინასწარ პასუხს სცემენ იმ კითხვებზე, რაზეც პასუხები მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ გამოძიებამ უნდა გასცეს.
 
3. შსს-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლევან კორკოტაშვილი წარსულში 6-ჯერ არის ნასამართლევი. თუმცა, ცხადია, ეს გარემოება ვერც პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობას გაამართლებს და ვერც რაიმე სახის დანაშაულის მეშვიდედ ჩადენის მტკიცებულებად გამოდგება (ისიც საყურადღებოა, რომ საქმეში არსებული, შსს-ს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ლ. კორკოტაშვილი ნასამართლევია არა 6-ჯერ, არამედ 4-ჯერ). რამდენჯერაც უნდა იყოს პირი ნასამართლევი, მას უნდა მიეცეს ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ ის ამ შანსს არ იყენებს, მის მიმართ გამოძიება კანონით დადგენილი წესით უნდა წარიმართოს და ამ წესისგან გადახვევის გამართლებად წარსული ნასამართლობები, მათი რაოდენობების მიუხედავად, ვერ გამოდგება. იმედი გვაქვს, ეს მარტივი ჭეშმარიტება საკამათო არ გახდება. 
 
4. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლ. კორკოტაშვილს გაკეთებული აქვს ოპერაცია ქვედა ყბაზე და ,,შეუძლია ყბის სამაგრის თვითნებურად ამოგდება". სადავო არ არის, რომ კორკოტაშვილს ყბის ოპერაცია გაკეთებული აქვს და ალბათ, ყბის სამაგრის თვითნებური ამოგდებაც ზოგადად შესაძლებელია, მაგრამ გაუგებარია, ეს შესაძლებლობა რატომ გამორიცხავს იმას, რაც ლ. კორკოტაშვილმა საიას ადვოკატს მოუყვა, რომ ნაოპერაციები ყბა პოლიციელებმა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაუზიანეს? თუ შსს-ს პოზიცია არის ის, რომ თვითდაზიანების შესაძლებლობა, პოლიციელთა მხრიდან დაზიანების ალბათობას გამორიცხავს, მაშინ ადვილი იქნება ნებისმიერი მოქალაქის დაზიანება თვითდაზიანებას მიეწეროს. თეორიულად არც ის არის გამორიცხული, რომ მაგალითად, მოქალაქე დ. კაპანაძემაც თავად დაიზიანა გულმკერდი და სამი ნეკნიც თავად მოიტეხა, მაგრამ პრაქტიკულად სხვა სახის რეალობის ბევრად უფრო მაღალი ალბათობა არსებობს. სინამდვილეში რა მოხდა, ამას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა, ფაქტია, რომ შსს ამ გამოძიებას არ ელოდება.
 
5. უცნაურია სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ლ. კორკოტაშვილი ამჟამად ჯანმრთელია და ,,მკურნალობას არ საჭიროებს". მას ნაოპერაციები ყბიდან ამოუვარდა რკინის ფირფიტები, რის გამოც, როგორც თავად აცხადებს, ვერ ჭამს საჭმელს, აწუხებს ძლიერი ტკივილები, უკეთებენ გამაყუჩებლებს. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მკურნალობის საჭიროების გამორიცხვა, ცოტა გაუგებარია.
 
6. რაც შეეხება შსს-ს განცხადების იმ ნაწილს სადაც მითითებულია, რომ ,,მსგავსი განცხადებები მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისკენ და სწორედ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა". ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ასეთი მძიმე ბრალდების მოსმენა. ეს არის ტიპური ფრაზა, რასაც საია წლების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მწვავე კრიტიკის პასუხად იღებდა ხოლმე.  ჩვენ ვთქვით მხოლოდ ის, რაც უშუალოდ დაზარალებულებმა პირადად საიას თანამშრომლებს განუცხადეს. არც ბოლო ორ და არც ადრინდელ განცხადებებში არსად წერია, რომ პოლიციელებმა ეს დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს. ჩვენი განცხადებების მთავარი მესიჯი არის და იყო მხოლოდ ის, რომ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და რომ პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. სამწუხაროა, თუ უფლებადამცველი ორგანიზაციის ჩვეულებრივი საქმიანობა პოლიციის დისკრედიტაციად და იმიჯის შელახვად აღიქმება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციისა და დანიშნულების არასწორი აღქმაა. 
 
ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს, ადვილია რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელება. ისიც გასაგებია, რომ ვერ შევქმნით ისეთ სისტემას, სადაც პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე რაიმე სახის ძალადობის ალბათობა სრულიად გამოირიცხება. მთავარია, რა პასუხი გაეცემა ასეთ ფაქტებს, რამდენად ეფექტურად და ობიექტურად წარიმართება გამოძიება. გამოძიების სათანადოდ წარმართვა არის არასასურველი ფაქტების გამეორების პრევენციის ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომლის გამოყენების ნებაც, როგორც ჩანს, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. სისტემის იმიჯს კი ისეთ დიდ ზიანს ვერაფერი მიაყენებს, როგორც მსგავსი ტიპის ფაქტებზე მსგავსი რეაგირების მოხდენაა.