სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას პასუხობს

2014-07-25 16:10
Featured image
საიას მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების საპასუხოდ, 24 ივლისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
 
გვსურს გამოვეხმაუროთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღნიშნულ განცხადებას და განვაცხადოთ შემდეგი:
 
1. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 ივლისს საიას მიერ განმეორებით გაკეთებულმა განცხადებამ ,,პატიმრების უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც, 30-მდე წერილი გაეგზავნა როგოროც საიას, ასევე სახალხო დამცველსა და სხვა ორგანიზაციებს, მაგრამ, სამწუხაროდ საია არც ამ წერილებით დაინტერესებულა".
 
ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ შემდეგს:
 
ა) სამინისტრო არ დაინტერესდა, დროულად ან საერთოდ ჩაბარდა თუ არა, უწყების თქმით, 30 პატიმრის მიერ გაგზავნილი წერილი საიას და გვქონდა თუ არა ჩვენ ფიზიკური შესაძლებლობა მასზე რეაგირებისათვის. აღვნიშნავთ, რომ საიას  მსგავსი წერილები ამ დრომდე არ მიუღია და სამინისტროს მხრიდან ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების მოსმენა მართლაც სამწუხაროა.
 
ბ) მივიღეთ ერთი პატიმრის, დავით ჭკადუას წერილი, რომელსაც პირადად შეხვდა საიას ადვოკატი.  სამინისტროს პოზიციის საწინააღმდეგოდ, დავით ჭკადუა ასევე საუბრობს მე-8 დაწესებულებაში არსებულ დარღვევებზე. მათ შორის უთითებს შავლეგ გურგენიძის განცხადებაში დასახელებულ პირებს. სხვა სავარაუდო დარღვევებთან ერთად, დავით ჭკადუა ამბობს, რომ შავლეგ გურგენიძის მიერ მითითებული მსჯავრდებული თ. მას 15-20 სმ. სიგრძის წვეტიანი რკინის ნაჭრით, ე.წ. ,,შტირით" დაემუქრა.
 
ასევე, საიაში შემოვიდა შავლეგ გურგენიძის მიერ დასახელებული ორი მსჯავრდებულის განცხადება, რომლებიც გურგენიძის მოწოდებულ ინფორმაციას უარყოფენ.
 
გ) რაც შეეხება სამინისტროს მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს საიას მიერ 24 ივლისს განმეორებით გაკეთებულმა განცხადებამ პატიმრების უკმაყოფილება გამოიწვია. უნდა ითქვას, რომ 24 ივლისის განცხადებაში მე-8 დაწესებულებასთან მიმართებით საია არა მაყურებლების სავარაუდოდ არსებობაზე მიუთითებდა, არამედ იმას აღნიშნავდა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომელი ი.პ. შავლეგ გურგენიძის ინფორმაციით მას  დაემუქრა: ,,...თუ არ გინდა აქედან გასვლა, მაშინ გააგრძელე საიაში განცხადებების წერა". საიასთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გამოეხატათ პატიმრებს უკმაყოფილება მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტული პატიმრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა ადმინისტრაციის მხრიდან ამ პატიმრის მისამართით მუქარას, რაც დაუშვებელია.
 
2. სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შავლეგ გურგენიძის განცხადებაში ,,მაყურებლებად" დასახელებულმა პირებმა საიას მოსთხოვეს ,,ორგანიზაციის წარმომადგენლის შესვლა ციხეში და მსჯავრდებულ შავლეგ გურგენიძის ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობის ადგილზე დადგენა".
 
სამინისტროს განცხადების ამ ნაწილთან დაკავშირებით საიას სურს აღნიშნოს შემდეგი:
 
ა) პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ განცხადების გავრცელებამდე სამინისტრომ ისიც კი არ გაარკვია შავლეგ გურგენიძე მსჯავრდებულია თუ ბრალდებული. სამინისტროს განცხადებაში შავლეგ გურგენიძე ყოველთვის მოხსენიებულია მსჯავრდებულად. თუმცა ფაქტია, რომ მის მიმართ გამოტანილი არ არის გამამტყუნებელი განაჩენი, შ.გურგენიძეს აქვს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა და შესაბამისად მსჯავრდებულად ანუ დამნაშავედ ვერ ჩაითვლება. სამწუხაროა, რომ სამინისტრო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.
 
ბ) რაც შეეხება შავლეგ გურგენიძის ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობის ადგილზე დადგენას, სამინისტრომ უნდა იცოდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ამის შესაძლებლობა და მანდატი არ გააჩნია.
 
გ) სამინისტროსთვის ცნობილია, რომ საია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უკვე დიდი ხანია ცდილობს სასჯელაღსრულების სისტემის ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმის შექმნას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს რიგ შემთხვევებში ინფორმაციის დამატებითი გადამოწმების შესაძლებლობას მისცემს. მართალია, დიდი მცდელობის შემდეგ, სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და აღნიშნული მექანიზმის ძირითად საკითხებზეც თავდაპირველი თანხმობა არსებობდა, შემუშავდა ნორმატიული აქტის პროექტი. თუმცა შემდეგ საკითხი ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებით და გაურკვეველი დროით გადაიდო. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვთხოვთ სამინისტროს, შექმნას ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმი. სხვა შემთხვევაში ჩვენთვის გაუგებარია როგორ უნდა მოიპოვოს არასამთავრობო ორგანიზაციამ დამატებითი ინფორმაცია.
 
3. დასასრულს უნდა ითქვას ისიც, რომ 24 ივლისს გაკეთებულ  განცხადებაში საია პატიმარ ტრისტან ვასაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე მიუთითებდა N8 დაწესებულებაში პატიმრების ცემასთან და N2 (ქუთაისი) დაწესებულებაში სავარაუდოდ არსებულ მაყურებლებთან დაკავიშირებით. აღნიშნულის შესახებ სამინისტროს თავის განცხადებაში რაიმე განმარტება არ გაუკეთებია და არც ის უთქვამს, რომ ამ ინფორმაციას შეისწავლის. მიუხედავად ამისა, საია იმედს იტოვებს, რომ ამ საკითხზე სამინისტროს პოზიცია სათანადოდ მომზადებული, უფრო დასაბუთებული და არგუმენტირებული იქნება.