საია მთავარ პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. კერძოდ, საქმე ეხება 2007 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ინტერნეიშენალ ივენთსს შორის დადებული შპს “თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების შეუსრულებლობას.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის კორესპონდენციის მიხედვით, შპს ინტერნეიშენალ ივენთსს არ წარმოუდგენია განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, გადაუხდელი მართვის საზღაური 2018 წლის 14 მაისის მდგომარეობით შეადგენს 950,140 ლარს. ხოლო, დაკისრებული პირგასამტეხლო ამავე პერიოდზე 1,606,394 ლარს და 10,102 აშშ დოლარს.
დარიცხული დავალიანება მიუთითებს, რომ მმართველი პირი წლების განმავლობაში, 2010 წლიდან დღემდე, არ ახორციელებს ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებას. არ იხდის მართვის საზღაურს და დაკისრებულ პირგასამტეხლოს მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. ამასთან არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ სხვა ვალდებულებებს.
მიუხედავად შპს ინტერნეიშენალ ივენთსის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის რეგულარული გადაუხდელობისა და აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მხრიდან არ ხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლების გამოყენება და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით საიამ უკვე მიმართა სააგენტოს განცხადებით, თუმცა უწყებისგან არანაირი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შედეგად, ადგილი აქვს სახელმწიფო საკუთრების არაეფექტურად გამოყენებას, რაც ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე სახელმწიფოს ინტერესს სათანადოდ იქნას გამოყენებული დედაქალაქში არსებული საკონცერტო დარბაზი. აღნიშნული ქმედება ასევე ბადებს ეჭვს ადმინისტრაციულ ორგანოსა და ზემოაღნიშნულ შპს-ს შორის არსებული შესაძლო უკანონო შეთანხმების შესახებ.