სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნას ეხმაურება

2013-02-05 02:47
Featured image

დღეს, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისას, გვსურს შევახსენოთ საკანონმდებლო ხელისუფლებასა და დაინტერესებულ საზოგადოებას ის პროცედურული ხარვეზები, რომელთაც გასული სესიის განმავლობაში იჩინეს თავი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის მომავალი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს რეგლამენტთან. ამავდროულად, კანონმდებლობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი  მაღალი სტანდარტები პარლამენტის ღიაობისა და მის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისათვის.

 

ახალი მოწვევის პარლამენტი თავდაპირველად, უმეტეს შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას: კომიტეტების მუშაობის დროისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია დროულად ქვეყნდებოდა. თუმცა, საშემოდგომო სესიის დასასრულს, ასევე რიგგარეშე სესიის განმავლობაში, უმეტესად ირღვეოდა პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი გამჭვირვალობის მოთხოვნები. აღნიშნულ პერიოდში  საკანონმდებლო პროცესი  ყველაზე აქტიური იყო.  ამასთან, გამჭვირვალობის სტანდარტის დარღვევა ქმნიდა საკანონმდებლო პროცესის სწრაფ რეჟიმში წარმართვის შესაძლებლობას, რასაც სესიის დასასრულს უმეტესად ჰქონდა კიდეც ადგილი და რაც თავის მხრივ, საკანონმდებლო პროცესის დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის გარეშე წარმართვას განაპირობებდა. ამასთან საკანონმდებლო ორგანოსთვის მოსაზრებების წარდგენა, ცხადია, ჩვენს თვითმიზანს არ წარმოადგენს. გვაქვს  მოლოდინი, რომ საიას და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების პოზიციებსა თუ დასკვნებს პარლამენტი სათანადო ყურადღებას დაუთმობს და კანონპროექტების დახვეწის მიზნით გამოიყენებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს მოსაზრებები გაზიარებულ არ იქნება, საზოგადოებას უფლება აქვს შესაბამისი არგუმენტები  მოისმინოს.
 
პარლამენტის მუშაობის აღნიშნული პრაქტიკა საიამ უარყოფითად შეაფასა 2012 წლის 20 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, რომელშიც უთითებდა, რომ საშემოდგომო სესიის უკანასკნელი კვირის მანძილზე ინფორმაცია კომიტეტის სხდომის შესახებ არათუ კანონით დადგენილ ვადაში არ ხდებოდა ხელმისაწვდომი, არამედ ცალკეულ შემთხვევებში მის გამართვამდე რამდენიმე საათით/ათეული წუთით ადრე ქვეყნდებოდა. აგრეთვე, ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც კომიტეტის სხდომის დაწყების დროისთვისაც კი არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიმდინარე სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე.
 
ზემოაღნიშნულ პერიოდში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო მნიშვნელოვანი ცვლილებები. დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღება გულისხმობს საკანონმდებლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას ერთი კვირის მანძილზე, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მცირე დროა მისი ჯეროვანი განხილვისა და ფართო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისათვის. მაგალითად, სულ რაღაც 7 სამუშაო დღე დასჭირდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიღებას, ანალოგიური სწრაფი ტემპით შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
 
2013 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნის დღეს, გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტების განხილვის პროცედურების და ღიაობის მოთხოვნების დაცვას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ  რეგლამენტის არსებული ნორმები ამ თვალსაზრისით ისედაც ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს.
 
ამასთან, მოვუწოდებთ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვის შესაძლებლობა გამოიყენოს მხოლოდ ასეთის აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის პირობებში, რასაც, ჩვენი შეფასებით, ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ადგილი არ ჰქონია. საკანონმდებლო ორგანო უნდა ითვალისწინებდეს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისას პარლამენტი მსხვერპლად იღებს უმნიშვნელოვანეს სიკეთეს - კანონი სამოქალაქო საზოგადოების, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობისა და მათი მოსაზრებების მოსმენის პირობებში მიიღებოდეს, რაც თავისთავად გულისხმობს შესაბამისი დროისა და სივრცის არსებობის უზრუნველყოფას. ზემოაღნიშნული კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ საგაზაფხულო სესიის მანძილზე პარლამენტი არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვასა და მიღებას გეგმავს.