სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს ხელისუფლებას სწორი და თანმიმდევრული საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს

2022-03-08 04:48
Featured image

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ დაწყებულ სამხედრო აგრესიას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას საპასუხოდ უპრეცენდენტო სანქციები მოჰყვა მრავალი ქვეყნის მხრიდან,[1] მათ შორის, რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა 30-ზე მეტმა სახელმწიფომ.[2] რუსეთის ფედერაციაში საქმიანობას წყვეტს ბევრი მსხვილი კომპანია.[3] გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ დააწესა რეგულაციები, რომლითაც მკაცრი სასჯელი დააწესა შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის, რასაც შედეგად რამდენიმე კრიტიკულმა მედიამ საქმიანობა შეაჩერა.[4] ამასთან, რუსეთში სხვადასხვა ქალაქში გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციაზე აკავებენ ათასობით ადამიანს.[5] ამ ყველაფრის ფონზე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დატოვებას ცდილობს მოსახლეობის ნაწილი,[6] მათ შორის საქართველოს მიმართულებით.[7]

საყურადღებოა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ წლებია მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რაც გულისხმობს, რომ მათ ქვეყანაში შემოსვლისა და 1 წლის  ვადით  ყოფნის უფლება აქვთ,[8] ხოლო მუდმივი თუ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობა მარტივ პროცედურებს ითვალისწინებს. ასეთი ნებართვის გაცემის შესაძლებლობას კანონი იძლევა თუ პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, საქართველოში განახორციელებს კანონით განსაზღვრული ოდენობის ინვესტიციას ან/და ფლობს საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა).[9] ამასთან, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლასა და ცხოვრებაზე ბარიერი არ აქვთ, ამის პარალელურად ვხვდებით შემთხვევას, როდესაც ქვეყანაში არ უშვებენ რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს.[10]

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%, სადაც მუდმივად მობილიზებულია საჯარისო დანაყოფები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა საერთაშორისო სამართლის ნორმების და საქართველოს მოქალაქეების უფლებების არაერთგზის დარღვევას, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სიტუაციის დესტაბილიზაციით, ხოლო საქართველოს მთავრობა არ პასუხობს კითხვებს რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების შესახებ. ხაზგასასმელია, რომ ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულებაა მიიღოს ყველანაირი ზომა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარი მოქალაქეების დაცვის არგუმენტით საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს, ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს არსებული საფრთხეები და ეფექტიანად და დროულად იმოქმედოს მათ აღსაკვეთად. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად შესაძლოა განხილული იყოს სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის ფედერაციასთან და საიმიგრაციო კანონმდებლობის გადახედვა არსებული გამოწვევების შესაბამისად. მით უმეტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.[11] ამდენად, ასეთი ზომის შემოღება გამართლებულია საერთაშორისო სამართალში აღიარებული ნაცვალგების პრინციპის შესაბამისადაც.

გარდა ამისა, საზოგადოებაში საქართველო-რუსეთის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე გაჩნდა გარკვეული ღელვა მომდინარე რისკებთან დაკავშირებით. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ამან არ უნდა გამოიწვიოს ქსენოფობიური განწყობები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოში უკვე ათეული წლების მანძილზე მცხოვრები ეთნიკურად რუსი მოსახლეობას მიმართ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული სამართლის ნორმების პატივისცემით, ხელი არ უნდა შეუშალოს და საშუალება უნდა მისცეს იმ პირებს, რომლებიც შესაძლოა იდევნებოდნენ რუსეთის ხელისუფლების მიერ, მიიღონ თავშესაფარი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

- საქართველოს მთავრობას გადახედოს რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმის საკითხს; 

- საქართველოს პარლამენტს გადახედოს საიმიგრაციო კანონმდებლობას და ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ რეგულაციებს;

- შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელი არ შეუშალოს ისეთი პირების შემოსვლას, რომლებიც შესაძლოა იდევნებოდნენ  რუსეთის ხელისუფლების მიერ.

 


[1] “Ukraine: What sanctions are being imposed on Russia?”, website of BBC, 03.03.2022, ხელმისაწვდომია: https://www.bbc.com/news/world-europe-60125659, განახლებულია: 06.03.2022. 

[2] “Map shows countries that have closed their airspace to Russia over Ukraine invasion”, website to Business Insider, 02.03.2022, available at: https://bit.ly/3hG3kib, განახლებულია: 06.03.2022.

[3] „კომპანიები, რომლებიც წყვეტენ რუსეთში საქმიანობას და ვაჭრობას სანქციების გამო“, „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდი, 02.03.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tC0mRa, განახლებულია: 06.03.2022.

[4] „როგორ აქრობენ რუსეთში დამოუკიდებელ მედიას“, რადიო თავისუფლების ვებგვერდი, 04.03.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3IPtvPp, განახლებულია: 06.03.2022.

[5] “Protests across Russia see thousands detained“, website of BBC, 06.03.2022, ხელმისაწვდომია:  https://www.bbc.com/news/world-europe-60640204, განახლებულია: 06.03.2022.

[6] “My future is taken away from me’: Russians flee to escape consequences of Moscow’s war”, website of the Guardian, 03.03.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3pFvYnK, განახლებულია: 06.03.2022.

[7] „რუსეთის მოქალაქეების მასიური შემოსვლა საქართველოში“, ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდი, 06.03.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3CjmnIy, განახლებულია: 06.03.2022.

[8] საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისი №255 დადგენილება „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“.

[9] „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი.

[10] „კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში შემოუშვასპროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებული რუსი ჟურნალისტები“, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის ვებგვერდი, 06.03.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3MtBYd9, განახლებულია: 06.03.2022.

[11] „სავიზო ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sNH8Jq,  განახლებულია: 06.03.2022.