2015 წლის 20 იანვარს, შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებულია და გამოხატავს ღრმა მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით; საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ ფაქტის სწრაფი, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიება; ასევე უზრუნველყოს 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე 2012 წელს განახლებული გამოძიების ეფექტურობა, დამნაშავეთა დროულად გამოვლენა და გასამართლება.
იური ვაზაგაშვილი იყო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე“ დამფუძნებელი, წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდა ზურა ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლეთა მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის სხვა არაერთ საქმესთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების მისაღწევად, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში. საქართველოს პარლამენტის მიერ სწორედ იური ვაზაგაშვილის სახელით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის ცნობის საფუძველზე განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა გარდაცვლილი პიროვნების სახელის, პატივისა და ღირსების დაცვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე იცავს ვაზაგაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფუძვლით ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით (ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, საქმე #50375/07). იური ვაზაგაშვილის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით 2012 წლამდე სახელმწიფოს არ ჩაუტარებია საქმის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, 2007 წლის აპრილში პროკურატურამ აღნიშნული საქმე საერთოდ შეწყვიტა; რაც შეეეხება 2012 წელს იური ვაზაგაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ამ საქმეზე განახლებულ გამოძიებას, იგი ამ დრომდე არ არის დასრულებული და დღემდე არ დამდგარა კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
საია მიიჩნევს, რომ გაჭიანურებული სამართალი, წართმეული სამართალია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2006 წლის 2 მაისს და 2015 წლის 20 იანვარს მომხდარი ფაქტების სწრაფი, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიება, ასევე უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის დღემდე ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოუძიებელ ფაქტებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების სწრაფი და ობიექტური განხორციელება.