საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული პირის პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი და სხვა მონაცემები) დაშტრიხვას, მანამ კანონიერ ძალაში არ შევა სასამართლოს გადაწყვეტილება.
საიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა ოჯახში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით 2023 წელს მიღებული განაჩენები. სასამართლოდან მიღებულ განაჩენებში დანაშაულის ჩამდენი პირის და დაზარალებულის სახელი და გვარი იყო დაშტრიხული, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენებზე იმ დროისთვის არ იყო მიღებული ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების განაჩენები.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ შემთხვევაში ექნებოდა სასამართლო განაჩენების სრული ტექსტის (ბრალდებულის და დაზარალებულის სახელისა და გვარის მითითებით) გაცემის უფლება, თუკი საქმეზე იარსებებდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ან ეს განაჩენები კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრდებოდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
აღსანიშნავია, რომ ოჯახში ჩადენილი დანაშაულები ხასიათდება რეციდივის მაღალი მაჩვენებლით, ვინაიდან ბრალდებული და დაზარალებული ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ხშირად ოჯახის წევრი ქალის მკვლელობა (ფემიციდი) არის წლების განმავლობაში მიმდინარე დანაშაულის კულმინაცია. ამდენად, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე მკვლევარების ინტერესის საგანს ყოველთვის წარმოადგენს ის ფაქტი, პირველად ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი ოჯახის წევრებს შორის, თუკი ადგილი აქვს ოჯახური დანაშაულის ხელახლა ჩადენას, რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფომ ოჯახში ჩადენილი დანაშაულის განმეორების თავიდან ასაცილებლად.
იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმა გამორიცხავს ოჯახური დანაშაულის მკვლევარს მიეწოდოს განაჩენები, სადაც ბრალდებულის და დაზარალებულის სახელები და გვარებია აღნიშნული, შეუძლებელია დანაშაულის განმეორების და მის აღსაკვეთად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასება. შეფასების და ანალიზის გასაკეთებლად, აუცილებელია სხვადასხვა დროს მიღებული სასამართლოს რამდენიმე განაჩენის შედარება, სადაც ბრალდებულისა და დაზარალებულის სახელები და გვარები ერთმანეთს ემთხვევა. გასაჩივრებული ნორმა გამორიცხავს ოჯახში ძალადობის საკითხზე სრულფასოვანი კვლევის ჩატარების და სახელმწიფოს მიერ ამ ქმედების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობის შეფასების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვაზე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პრიმა პუნქტი წარმოადგენს საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის N1/4/693,857 გადაწყვეტილების დამძლევს. აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ნორმები, რომლებიც სასამართლო დავის მონაწილეებს არ აძლევდა მათი პერსონალური მონაცემის გამჟღავნებასთან დაკავშირებით თანხმობის გამოხატვის შესაძლებლობას, ასევე, ითვალისწინებდა სასამართლო გადაწყვეტილების დაშტრიხვის შესაძლებლობას, როდესაც ის არ ეხებოდა ადამიანის ჯანმრთელობის და პირადი ინტიმური ცხოვრების დეტალებს. საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არ არსებობდა მონაცემების დაშტრიხვის აუცილებლობა, როცა განაჩენში საუბარი იყო ყოფითი ხასიათის საკითხებზე, მაგალითად, ადამიანის კონკრეტულ ადგილას ყოფნაზე, მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ან ნებისმიერ ისეთ საკითხზე, რაც უარყოფით გავლენას არ ახდენდა ადამიანის პირად ცხოვრებაზე. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა მაღალი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმეზე მიღებულ განაჩენში პერსონალური მონაცემების დაშტრიხვის აუცილებლობა.
საიას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის N1/4/693,857 გადაწყვეტილებასა და კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულ უფლებას, რომელიც ყველას ანიჭებს საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას.